ტაივანი-ჩინეთი

ტაივანი ჩინეთს: მეორე მსოფლიო ომი აჩვენებს, რომ აგრესია და ექსპანსია მარცხით მთავრდება

Photographer: An Rong Xu/Bloomberg

ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აგრესია და ექსპანსია მარცხით მთავრდება.

"წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80-ე წლისთავია და ისტორიამ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ფორმის აგრესია და ექსპანსია მარცხით მთავრდება". - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. 

მათი თქმით, "ბოლო წლებში კომუნისტური სამხედრო ძალები იმეორებენ დამპყრობელთა შეცდომებს და ჩინეთს მარცხისკენ უბიძგებენ".

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი რეგიონში "პრობლემების ყველაზე დიდი შემქმნელია" და რომ სამხედრო მუქარების გაძლიერებით ის საფრთხეს უქმნის სტაბილურობის სტატუს-კვოს.

ტაივანი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ამ კვირაში ჩინეთის მიერ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ჩატარებულ წვრთნებთან დაკავშირებით, რომელსაც პეკინი "ჩვეულებრივს" უწოდებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტაივანის სამხედრო ძალები აძლიერებენ თავდაცვით შესაძლებლობებს საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, თავისუფლებისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ტაიპეიში 1947 წლის ჩინეთის რესპუბლიკური ჯარების წინააღმდეგ აჯანყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ განაცხადა, რომ ჩინეთს ტაივანის ძალით დაკავების მცდელობებზე ხელი არ აუღია.

"ყველაზე დიდი საფრთხე ტაივანის სუვერენიტეტისა და ტაივანის დემოკრატიისთვის ჩინეთიდან მოდის". - თქვა მან.

მანამდე, 27 თებერვალს, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ტაივანის მმართველი, დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) მიმართ მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. 

სამინისტროს სპიკერმა, ვუ ციენმა აღნიშნა, რომ ტაივანის მმართველი ძალა ცდილობს აშშ-ს ძალის დახმარებით შეაჩეროს ჩინეთთან გაერთიანება, რაც, ციენის თქმით, მხოლოდ მის განადგურებას გამოიწვევს.

"დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) მთავრობაში ოცნებობენ "დამოუკიდებლობის მოპოვებას აშშ-სთან მიმართებით ვალის აღებითა" და "გამთლიანებასთან [სამხედრო] ძალით წინააღმდეგობის გაწევით" ეს ვითარების, საზოგადოებრივი აზრისა და ძალთა ბალანსის სერიოზულად არასწორ შეფასებას წარმოადგენს. საკუთარი თავის გადაჭარბებული შეფასება უკიდურესად საშიშია. მკაცრი გაფრთხილება დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) ხელისუფლებას. ეტლის საკუთარი ხელებით გაჩერების მცდელობა თვითგანადგურებისთვის არის განწირული. ადრე თუ გვიან, დაგასრულებთ" – ამბობს ვუ ციენი

თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას "სეპარატისტული ძალებისა" და გარე ჩარევის მიმართ.

კომენტარები