ტაივანი-ჩინეთი

ჩინეთის შესაძლო შეჭრისთვის მზადების ფარგლებში, ტაივანი სამხედრო წვრთნებს ატარებს

კადრი სამხრეთ ტაივანში, კაოსიუნგში მიმდინარე საზღვაო წვრთნებიდან, 2024 წლის 31 იანვარი
AP Photo/Johnson Lai

ტაივანის შეიარაღებული ძალები ჩინეთის შესაძლო მოულოდნელი თავდასხმისთვის მზადების ფარგლებში ორდღიან წვრთნებს ატარებს როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთსა და ჰაერში.

წვრთნები, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლობისკენ მიდრეკილი მმართველი პროგრესული პარტიის კანდიდატის, უილიამ ლაის გამარჯვებიდან თითქმის სამ კვირაში დაიწყო და კუნძულის თავდაცვისუნარიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ტაივანის სამხედროებმა თაითუნგში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩინეთის თავდასხმის იმიტირებაც მოაწყვეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სუნ ლი-ფანგმა წვრთნების მიმდინარეობისას წუოინგის საზღვაო ბაზაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინეთის ბოლო ქმედებები კონფლიქტის საშიშროებას ქმნის, ეს კი საფრთხე იქნება მიმოსვლისთვის ტაივანის სრუტეში, სადაც მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელი გადის.

"ნებისმიერმა ცალმხრივმა ირაციონალურმა ქმედებამ დაძაბულობის ესკალაცია და ტაივანის სრუტის რეგიონში სტაბილურობის საბოტაჟი შეიძლება ძალიან ადვილად გამოიწვიოს. ასე რომ, ჩინელმა კომუნისტებმა მსგავსი დამღუპველი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ". - თქვა მან.

წვრთნების პარალელურად, ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 იანვრის დილის 6:00 საათიდან 31 იანვრის დილის 6:00 საათამდე პერიოდში კუნძულის გარშემო შვიდი ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, ოთხი საზღვაო ხომალდი და ერთი ბუშტი შენიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინური სადაზვერვო ბუშტების გახშირებული შესვლის გამო კუნძულზე შეშფოთება იზრდება.

31 იანვარს პეკინმა ტაივანი გააკრიტიკა ბუშტების გარშემო "პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნის გამო". ჩინეთის მთავრობის ტაივანის საქმეთა ოფისის წარმომადგენელმა, ჩენ პინხუამ რეგულარულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბუშტები მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, ჩვეულებრივ კერძო კომპანიებს ეკუთვნის და ძირითადად გამოიყენება ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა ამინდის მონიტორინგი.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შეერთება სურს. პეკინში განიხილება კუნძულის ძალის გამოყენებით შეერთების შესაძლებლობაც.

კომენტარები