ტაივანი-ჩინეთი

ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი ჩინეთშია, შესაძლოა, სი ძინფინგსაც შეხვდეს

ტაივანის ყოფილი პრეზიდენტის, მა ინგ-ძიოუს ჩინეთში გამგზავრების პარალელურად, მომიტინგეები სი ძინფინგისა და მას ნიღბებით ტაივანის ქალაქ თაოიუანის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციას მართავენ, 2024 წლის 1 აპრილი
AP Photo/Chiang Ying-ying

ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი, მა ინგ-ძიოუ 11-დღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. მისი ვიზიტის მარშრუტში შედის დედაქალაქი პეკინიც, სადაც, გავრცელებული ვარაუდის თანახმად, შეიძლება სი ძინფინგსაც შეხვდეს. ჩინეთის პრეზიდენტი ხშირად აფიქსირებს პოზიციას, რომ მზადაა ტაივანიდან მიიღოს ის პოლიტიკოსები, ვინც კუნძულის დამოუკიდებლობას არ ემხრობიან.

მამ ტაივანი სტუდენტების ჯგუფთან ერთად ორშაბათს, 1 აპრილს დატოვა. როგორც Associated Press-ი წერს, მისი ვიზიტის მიზანი, ჩინეთიდან სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ წამოსული მუქარების მიუხედავად, თვითმმართველ კუნძულსა და პეკინს შორის სოციალური და კულტურული კავშირების დამყარების ხელშეწყობაა.

2015 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, მამ სინგაპურში სი ძინფინგთან ისტორიული შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ტაივანისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი იყო, ხელშესახები შედეგები არ ჰქონია. სულ მალე, მას ეროვნულმა პარტიამ არჩევნებიც წააგო და პრეზიდენტი დამოუკიდებლობის მომხრე დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატი, ცაი ინგ-ვენი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნულმა პარტიამ პარლამენტში ვიწრო უმრავლესობა მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ DPP-ის კანდიდატმა, ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ, იგივე უილიამ ლაიმ გაიმარჯვა. ის ოფისს 20 მაისს დაიკავებს.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შეერთება სურს. პეკინში განიხილება კუნძულის ძალის გამოყენებით შეერთების შესაძლებლობაც.

კომენტარები