აშშ-ტაივანი

ჩინეთის საფრთხის გამო ტაივანი აშშ-სგან სარაკეტო სისტემას შეისყიდის

ტაივანი აშშ-სგან Lockheed Martin Corp’s Patriot-ის განახლებულ სარაკეტო სისტემას შეისყიდის.

"შესყიდვის გეგმები გამომდინარეობს იმ საფრთხისგან, რაც ჩვენი მტრისგან მოდის". –განაცხადა საჰაერო ძალების სპიკერმა. მისივე თქმით, ტაივანი კვლავ გააგრძელებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. 

ტაივანის საჰაერო ძალების განცხადებით, სარაკეტო სისტემების მიღებას 2025 წელს დაიწყებს. 

მათ არ გაუმჟღავნებიათ, თუ რა რაოდენობის რაკეტების შესყიდვას გეგმავენ. 

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღეს, აშშ-ს წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. 

გასული წლის ივლისში ჩინეთში განაცხადეს, რომ Lockheed Martin-ს სანქციებს დაუწესებს ტაივანისთვის 620 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არსებული Patriot-ის რაკეტების გაფართოებისთვის. 

გასული წლის აგვისტოში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაივანმა აშშ-სგან 62 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის თავიდან ასარიდებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტაივანმა შორი დისტანციის რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 20 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა. გასული წლიდან ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები ხშირად, ზოგჯერ ყოველდღიურად იჭრებიან, თუმცა ეს ამ დრომდე ცნობილი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეჭრა იყო.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, 26 მარტს, ტაივანმა და აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხელი მოაწერეს პირველ შეთანხმებას, რომლითაც მათ დააარსეს სანაპირო დაცვის სამუშაო ჯგუფი, რათა მათ სანაპირო დაცვის პოლიტიკის საკითხებზე ითანამშრომლონ. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ჩინეთის მიერ იანვარში მიღებულ ახალ, სანაპიროს დაცვის კანონს, რითაც სანაპირო დაცვას უფლება აქვს, უცხოურ გემებს ცეცხლი გაუხსნას. 

მრავალი ქვეყნის მსგავსად, ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ არის, თუმცა აშშ ტაივანის უდიდესი მოკავშირე და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

22 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოკიოში შეხვედრისას აშშ-სა და იაპონიის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი-ტაივანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ. 

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

11 მარტს აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ძალების გენერალმა ფილიპ დევიდსონმა რეგიონში არსებულ ჩინეთის საფრთხეზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2050 წლისთვის ჩინეთი ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაცვლებას შეეცდება, მაგრამ მანამდე მათ ტაივანის დაპყრობა დასჭირდებათ. მზარდი სამხედრო შეიარაღებისა და აქტივობის ფონზე, დევიდსონის თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, მომდევნო ექვს წელში ტაივანში შეიჭრას.

კომენტარები