აშშ-ტაივანი

ჩინეთის ახალი სანაპირო კანონის მიღების შემდეგ, აშშ და ტაივანი თანამშრომლობას აძლიერებენ

Asia Times

ტაივანმა და აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პირველ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითაც მათ დააარსეს სანაპირო დაცვის სამუშაო ჯგუფი, რათა მათ სანაპირო დაცვის პოლიტიკის საკითხებზე ითანამშრომლონ.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ჩინეთის მიერ იანვარში მიღებულ ახალ, სანაპიროს დაცვის კანონს, რითაც სანაპირო დაცვას უფლება აქვს, უცხოურ გემებს ცეცხლი გაუხსნას. 

აშშ-ში ტაივანის დე-ფაქტო ელჩმა, სიაო ბიკიმმა, ვაშინგტონში ხელი მოაწერა შეთანხმებას. 

"ვიმედოვნებ, რომ ახალი, სანაპირო დაცვის სამუშაო ჯგუფით, ორივე მხარე წაახალისებს უფრო ძლიერ თანამშრომლობას და ერთიანად წვლილს შეიტანს უფრო თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთის [რეგიონისთვის]". - თქვა ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ს მოქმედმა დამხმარე მდივანმა აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანეთის საკითხებზე, სუნგ კიმმა.

მრავალი ქვეყნის მსგავსად, ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ არის, თუმცა აშშ ტაივანის უდიდესი მოკავშირე და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია. 

ჩინეთის მიერ მიღებულ ახალ კანონზე იაპონიამაც შეშფოთება გამოხატა რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ოფიციალური პირების მიღებისას. მხარეებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ისეთ "მავნებლურ მოვლენებზე", როგორიცაა ჩინეთის მიერ მიღებული ახალი კანონი.

შეხვედრაზე მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩინეთის ქცევა არ შეესაბამება საერთაშორისო წესრიგს. 

"საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც ჩინეთი გამოიყენებს იძულებასა და აგრესიას". – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

22 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოკიოში შეხვედრისას აშშ-სა და იაპონიის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი-ტაივანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ. 

ჩინეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის თავიდან ასარიდებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტაივანმა შორი დისტანციის რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია 24 მარტს ტაივანის თავდაცვის მინისტრმა, ჩიუ კუო-ჩენგმა, გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

11 მარტს აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ძალების გენერალმა ფილიპ დევიდსონმა რეგიონში არსებულ ჩინეთის საფრთხეზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2050 წლისთვის ჩინეთი ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაცვლებას შეეცდება, მაგრამ მანამდე მათ ტაივანის დაპყრობა დასჭირდებათ. მზარდი სამხედრო შეიარაღებისა და აქტივობის ფონზე, დევიდსონის თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, მომდევნო ექვს წელში ტაივანში შეიჭრას.

კომენტარები