დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ რუსეთს უკრაინის საზღვართან პროვოკაციული მოქმედებების განმარტებას სთხოვს

ნედ პრაისი

5 აპრილის პრეს ბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, კომენტარი გააკეთა რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

"ჩემი საქმე არაა იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის მოტივაციის მიზეზი. ჩემი საქმეა ის, თუ რას აკეთებს აშშ-ს მთავრობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ძალიან გარკვევით ვიტყვი, შეშფოთებულები ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის ესკალაციით, იმ სანდო ცნობების ჩათვლით, რომელთა მიხედვით, უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსული დანაყოფები გადაადგილდება. რა თქმა უნდა, ამ გადაადგილებებს წინ უძღოდა 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რამაც 26 მარტს 4 უკრაინელი სამხედროს სიკვდილი და ორის დაზიანება გამოიწვია. რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ძირს უთხრის გასული წლის ივლისში ეუთოს ხელმძღვანელობით გაფორმებული შეთანხმების დეესკალაციის სურვილებს.

ჩვენ განვიხილავთ ზრდადი დაძაბულობისა და ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების ფაქტებს ჩვენს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად. წინა კვირას, ბრიუსელში, ეს საკითხი ფართო განხილვის თემა იყო.

ჩვენ რუსეთს ამ პროვოკაციების განმარტება ვთხოვეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მხარდაჭერის გზავნილი გავუგზავნეთ. ნახეთ, რომ პრეზიდენტ ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინის საპრეზიდენტო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი იერმაკს გაესაუბრა, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას, ხოლო მდივანი ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს გაესაუბრა. 

უკრაინისა და რუსეთის მხარესაც სავსებით ცხადი ნიშანი გავუგზავნეთ, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე, რომ ამ დაშინებისა და აგრესიის წინაშე კიევის გვერდით ვართ, ჩვენი პარტნიორი უკრაინის გვერდით ვდგავართ". – თქვა ნედ პრაისმა პრეს ბრიფინგზე.

"აშშ-სთვის ნამდვილად სადარდებელი იქნება მოსკოვის მიერ ჩვენი პარტნიორი უკრაინის დაშინების ნებისმიერ მცდელობა, იქნება ეს საკუთარი ტერიტორიებისა თუ სუვერენული უკრაინის შიგნით". – დაამატა პრაისმა. 


მარტის ბოლოდან ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რამდენიმე თვეში NATO-ს ჯარებთან ერთად წვრთნები დაიწყება. 

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

 გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროკავშირმაც. 

კომენტარები