ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

კვირიკაშვილი აქციაზე: არის ზღვარი, რომლის იქითაც არ უნდა გადახვიდე, სოლიდურობა არ დაკარგო

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

"სოლიდურობა და წონასწორობა არ უნდა დაკარგო პროტესტის გამოხატვის დროს". - ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საბჭოთა პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტისა და გამართული აქციის შესახებ.

"მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის პროტესტი პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სამართლიანი და ძალიან არასწორი არის, როცა ასეთი რაღაცების თავიდან აცილება არ ხდება. პირდაპირ გეტყვით, ზუსტად ისეთი პროტესტი გამაჩნია მე, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და უფრო მეტიც, რუპორია კრემლის ამ საკითხთან დაკავშიებით.  

მაგრამ, არის მეორე საკითხი - როგორ გამოხატავ ამ პროტესტს. ჩემი აზრით, არის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს. ასეთი ნაძირალა საქართველოს მტერი ბევრია, მაგრამ სოლიდურობა და წონასწორობა არ უნდა დაკარგო ამ პროტესტის გამოხატვის დროს. რაც შეეხება ტურიზმს, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ერთადერთი ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში დატოვებული და, ჩემი ზრით, ასეთი აჟიოტაჟი და გამოხატვის ფორმები, რაც მე ვნახე, არ არის სწორი. პოლიტიკოსი იმისთვის არის პოლიტიკოსი, რომ ემოციების გაღვივებისკენ და ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არ უნდა იყო მიმართული". - ეუბნება კვირიკაშვილი ტელეკომპანია პირველს

კვირიკაშილის თქმით, პოზნერის ვიზიტისას პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმას აირჩევდა - დადგომას და ჩვენებას, რომ "თქვენი ჩამოსვლა არ არის მისალმებული საქართველოს მოსახლეობის მიერ". 

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 2 000 ლარით დააჯარიმეს პოზნერი და მასთან ერთად მყოფი 31 ადამიანი. თუმცა, გუშინ, 1-ელ აპრილს, საბჭოთა პროპაგანდისტმა თქვა, რომ თვილისში მათგან არავინ დაუჯარიმებიათ.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები