ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ქადაგიშვილი ჩანაწერზე: ქართული ოცნების დროს, საქართველოს რუსეთისთვის ბოდიში არ მოუხდია

ირაკლი ქადაგიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას ნაცისტებს უწოდებს ადამიანებს, ვინც ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა.

"ოკუპანტ სახელმწიფოს კი არა, თუ ადამიანი ვიღაც კონკრეტულ პირს რაღაც შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის, ეს ერთია. საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ არასდროს ბოდიში არ მოუხდია, ყოველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების დროს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ცნებებს ერთმანეთში ნუ აურევთ". - უთხრა ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, მარკ ზილბერკვიტთან საუბრისას ადამიანებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, ნაცისტებს უწოდებს.

"საშინელი ისტორიაა. არ შემიძლია, ტელეფონით გადმოგცე, თუ რა განვიცადე პირადად მე იმ ღამეს, რა განიცადეს ჩემმა ახლობლებმა იმ საათებში. არ ვიცი, დღეს ნახე თუ არა – პრემიერმინისტრმა ისაუბრა ამაზე, იყო გამოსვლები პარლამენტშიც, მინისტრებმაც ისაუბრეს. ეს არის ნამდვილი ნაცისტების ჯგუფი. [...] კვერცხებს ისროდნენ, ეს ბარბაროსობაა. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფი, რომლებსაც სააკაშვილი მართავს. ესენი არიან ის ზონდერები, რომლებიც ასე უკვე მეორედ თუ მესამედ იქცევიან". - ამბობს ზურა აბაშიძე ჩანაწერში.


ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 2022 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები