კორონავირუსი და შეზღუდვები

ბარის დახურვას არ ვაპირებ – ჯაფარასთან შრომის ინსპექცია მივიდა, მასალას შსს-ს გადასცემენ

ტაბულა

ბარში ჯაფარასთან, რომელიც გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, პოლიცია და შრომის ინსპექცია კიდევ ერთხელ მივიდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდება. 

"მკითხეს, შენი ბარია თუ არაო, ისევ ეწევი აკრძალულ საქმიანობასო და მასალას გადავცემთ შინაგან საქმეთა სამინისტროსო. სამინისტრომ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, მე მაქვს დეპუტატის იმუნიტეტი, უნდა მიმართონ პარლამენტს და კობახიძეების გადასაწყვეტი იქნება, შემიწყვეტენ თუ არა. თუ არ შემიწყვეტენ, გავაგრძელებ ბარის ფუნქციონირებას". – თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

შრომის ინსპექციის თანამშრომლის თქმით, მას შემდეგ, რაც საქმიანობის განმეორებითობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეცნობა, შესაძლებელია როგორც ბარის დალუქვა, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. 

"გუშინ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის მოხდა ბარის დაჯარიმება და სანქციის სახით 2 000 ლარის დაკისრება. დღეს შრომის ინსპექცია მოვიდა ადგილზე, დაფიქსირდა განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადაიგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროში. შესაძლებელია როგორც ბარის დალუქვა, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება". – თქვა შრომის ინსპექციის თანამშრომელმა. 

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ბარი დღეს, 14 თებერვალსაც გაიხსნა. 

ზურა ჯაფარიძესა და ოპოზიციონერ სხვა დეპუტატებს პარლამენტმა მანდატების გაუქმებაზე უარი უთხრა. მათ პარლამენტის წევრის იმუნიტეტი ჯერ კიდევ აქვთ. ჯაფარიძემ მანდატის გაუქმებაზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები