მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზურა ჯაფარიძემ მანდატის გაუქმებაზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა 

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტის მხრიდან მანდატის არშეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ჯაფარიძის თქმით, "სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშავეო".

"დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშავეო". – თქვა ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ზურა ჯაფარიძე 6 თებერვალს წერდა, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სწერენ, რომ 1 000-ლარიან ჯარიმას და შემდეგ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. 

ქართული ოცნება არ აპირებს, უფლებამოსილება შეუჩეროს იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი მოთხოვნით.

გარდა იმისა, რომ პარლამენტის მანდატი მოქალაქეს ბევრ პრივილეგიას ანიჭებს, როგორიცაა, მაგალითად, იმუნიტეტი, ან ათავისუფლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პარლამენტსა თუ მის გარეთ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ის ბევრ შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

იძულებითი დეპუტატობის პარადოქსის შესახებ ვრცლად – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები