კორონავირუსი საქართველოში

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დააჯარიმა

Tabula

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც ბარი JAPARASTAN გახნა, შრომის ინსპექციამ 2 000 ლარით დააჯარიმა. 

"განხორციელდა და დადასტურდა არანებართული ეკონომიკური საქმიანობა. იქნა შესაბამისი სანქცია გამოყენებული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა 2 000 ლარის ოდენობით". - ამბობს შრომის  ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, განმეორებითი შემთხვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ხვალ, 14 თებერვალს, ბარში პარტიის ერთ-ერთი წევრი დაბადების დღის გადახდას აპირებს.  

"გასაჩივრებასაც ვაპირებ ოქმის, თუმცა მთავარი გასაჩივრება არ არის, მთავარი არის ის, რომ ეს ბარი არ დაიხურება მანამ, სანამ ფიზიკურად რამენაირად არ დამაკავებენ. ჩემი დაკავება რთულია, რადგან დეპუტატის სტატუსი მაქვს, მათი დამსახურებით. მე მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს. მეტიც, გასაჩივრებული მაქვს პარლამენტის დადგენილება, რომელიც, ალბათ, დროში გაიწელება. 

ბარი არ დაიხურება, მათ მოუწევთ მოსვლა და ნახვა, რომ მე მეორედ ვარღვევ კანონს. ხვალ აქ ჩვენი მეგობარი, ერთ-ერთი გირჩელი იხდის დაბადების დღეს. მათ მოუწევთ, რომ მიმართონ საქართველოს პარლამენტს, რომ გამიუქმონ მანდატი, ამის შემდეგ უნდა დამსაჯონ სისხლის სამართლის წესით". - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები