კორონავირუსი და შეზღუდვები

"დალუქვით ვერ გამაჩერებენ, მოუწევთ დაპატიმრება" – ბარი ჯაფარასთან ისევ გაიხსნა

ტაბულა

ბარი ჯაფარასთან 19:00 საათზე ისევ გაიხსნა. გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ბარში ისევ ელოდება სამართალდამცველებისა და შრომის ინსპექციის მისვლას, თუმცა ჯაფარიძე ამბობს, რომ ბარის დალუქვით ვერ გააჩერებენ და ის მანამ იმუშავებს, სანამ არ დააპატიმრებენ. 

"ბარი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. გუშინ გამაფრთხილეს, რომ თუ განმეორებით გავაკეთებდი იგივეს, რაც გუშინ გავაკეთე, უკვე იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. შესაბამისად, დღესაც იმუშავებს ბარი, ველოდები დღესაც მოვიდნენ და მითხრან რომ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს. 

ბარი როდესაც გავხსენი, მაშინაც ვთქვი, რომ ეს ბარი იმუშავებს მანამ, სანამ ფიზიკურად მე არ დამიჭერენ. სხვა შემთხვევაში, ბარი გაიხსნება ყოველთვის. 

დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს. ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ დაპატიმრება". – თქვა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ზურა ჯაფარიძესა და ოპოზიციონერ სხვა დეპუტატებს პარლამენტმა მანდატების გაუქმებაზე უარი უთხრა. მათ პარლამენტის წევრის იმუნიტეტი ჯერ კიდევ აქვთ. ჯაფარიძემ მანდატის გაუქმებაზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები