არჩევნები 2020

ვაშაძე: ორი ადამიანის შესვლა-არშესვლა ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პარტია მოქალაქეების პარლამენტში შესვლაში "არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის" და ეს მოსალოდნელიც იყო. 

ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებში ერთიანია და ეს გადაწყვეტილება მათ ვერ დააზიანებს. 

"ორი ადამიანის შესვლა ან არშესვლა ამ პარლამენტს ვერც ლეგიტიმაციას მიანიჭებს და ვერც პროცესს შეცვლის. მინიმუმ 100 კაცი მაინც უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ლეგიტიმაციის ტესტი მაინც ჩააბაროს ამ პარლამენტმა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გადაცემის წამყვანმა მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ნათქვამი გაახსენა, რომ ის ქართული ოცნების პროექტს წარმოადგენს, რაზეც გიორგი ვაშაძემ უპასუხა, რომ დრო აჩვენებს, ვინ ვისი პროექტია. 

"მე, სხვებისგან განსხვავებით, არ მიყვარს ბრტყელ-ბრტყელი, დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოსვლა, იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სიმართლე ირკვევა, ამომრჩეველი და მოქალაქე ადამიანურად შეაფასებს ყველაფერს. ქართული პოლიტიკის პრობლემად მიმაჩნია ასეთი იაფფასიანი ბრალდებები. 

მათ თავისი გზა აირჩიეს. ძალიან ვწუხვარ და ძალიან ცუდია მათთვისვე, რომ გაერიდნენ საერთო პროცესს და საკუთრი სიტყვიდან გადავიდნენ. ვინ ვისი პროექტია, ამაზე რომ დავიწყო ლაპარაკი, მეც სხვას დავემსგავსები". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

 29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

სხვა მიზეზებთან ერთად, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა თავიანთი გადაწყვეტილების შეცვლა იმითაც გაამართლეს, რომ გუშინ, 28 იანვარს, საქალაქო სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პოლიტპატიმრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გაათავისუფლეს

ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მათი გათავისუფლება მისი პარტიის დამსახურებაა, თუმცა, თავად ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და არ სურს, ვინმეს ვაჭრობის საგანი იყოს. 

კომენტარები