რუსეთი-სომხეთი

სიმონიანი: ფაშინიანის მომხრეებს, უმადურ მხეცებს, რუსეთში შესვლა სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ

რუსული სამთავრობო ტელევიზია Россия 1-ის გადაცემაში კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა უმადურები უწოდა სომხებს, რომლებმაც ფაშინიანს ხმა მისცეს, და თქვა, რომ მათ რუსეთში შესვლა სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ. 

სიმონიანის თქმით, "როგორც სუფთა სისხლის სომეხი, გამოდის წინადადებით, რომ ფაშინიანის მომხრეებს, ანუ რუსეთის მოძულეებს, უმადურ მხეცებს, რომლებიც მას ხმას აძლევენ, სამუდამოდ აეკრძალოთ შესვლა" მის "მშობლიურ რუსეთში". 

"კონკრეტულ რამეს გთავაზობთ, [...] რომ სოციალური ქსელების მიხედვით გამოვარჩიოთ სომხები, რომლებიც ფაშინიანს მხარს უჭერენ. მორჩა. [მათთვის] სომხეთში შესვლა აკრძალულია სამუდამოდ, რადგან თუკი ფაშინიანს უჭერთ მხარს, ესე იგი, რუსოფობიას უჭერთ მხარს, რადგან რუსოფობიას უჭერთ მხარს, ესე იგი, რუსეთი გძულთ, ესე იგი, დაგავიწყდათ გრიბოედოვი, ალბათ არც გაქვთ წაკითხული "ვაი ჭკუისგან" და ის ქანდაკებაც არ გაქვთ ნანახი. რუსეთში არაფერი არ გესაქმებათ. მრცხვენია მათ გამო". - თქვა სიმონიანმა. 

სიმონიანის მტკიცებით, სომხებმა, რომლებმაც ხმა ფაშინიანს მისცეს, "ზედმეტი თაფლაკვერი მოუვიდათ", ხოლო ახლა დროა, რომ რუსეთმა "მათრახი აიღოს ხელში". 

"მე მგონია, რომ ამ ხალხმა, ადამიანებმა, რომლებმაც ხმა ფაშინიანს მისცეს, ზედმეტი თაფლაკვერი ჭამეს. ამიტომ, დროა, მათრახი ავიღოთ ხელში. რადგან ზედმეტი თაფლაკვერი მოუვიდათ, ახლა კუჭი აქვთ გაღიზიანებული, რომელიც შემდგომ ტვინზე მოქმედებს და მიდიან და ფაშინიანს აძლევენ ხმას. საერთოდ, უმადურობა ყველაზე საშინელი ცოდვაა. [...] ესე იგი, ეს ხალხი ეთანხმება ამ [რედ. - ფაშინიანის] რუსოფობულ ლოზუნგებს, ესე იგი, ამ ხალხს არ ახსოვს, როგორ გაწირა თავისი სიცოცხლე გრიბოედოვმა, ჩვენმა დიდებულმა დიპლომატმა და დრამატურგმა, რათა რამდენიმე სომეხი გადაერჩინა". - თქვა სიმონიანმა. 

გარდა ამისა, კრემლის პროპაგანდისტის თქმით, არ ესმის, "რა უდევთ თავში" ფაშინიანის მომხრეებს. 

"კითხვა, რომელსაც ხალხი მისვამს - რა დაემართა სომხეთს? მე არ ვიცი, რა დაემართა სომხეთს... რადგან გვარი "იან"-ზე მიმთავრდება, არ ნიშნავს, რომ ვიცი, რა ხდება სომხეთში, მე იქ ცხოვრებაში ორჯერ ვარ ნამყოფი [...]

რა უდევთ თავში, თუნდაც ერთი ხმა რატომ მისცეს ამ ეფენდი ფაშინიანს, მე არ ვიცი. [...] როგორ შეიძლება, ხმა მისცე ადამიანს, რომელიც გენოციდის მემკვიდრეობას აბუჩად იგდებს, რომელმაც ყარაბაღი თავისი ხელით გასცა, თუმცა, რაც მთავარია, რომელმაც თავისი კარიერა ააშენა და ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილით, მე არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი". - თქვა სიმონიანმა. 

კომენტარები