რუსეთი-სომხეთი

რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს - ფონ დერ ლაიენი სომხეთზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
AP Photo/Virginia Mayo

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ფონ დერ ლაიენის თქმით, მათ რუსეთის მიერ სომხეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო შეზღუდვებზე ისაუბრეს.

"ეს ეკონომიკური იძულების ტოლფასია და მიუღებელია. სომხურ პროდუქტებზე ექსპორტის შეზღუდვების გავრცელებით, მოსკოვი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ჩვენ ეს სტრატეგია ძალიან კარგად ვიცით. ​​სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი სომხეთისთვის დახმარების პაკეტს ამზადებს.

"ის მოიცავს დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას, რომლის ღირებულება 50 მილიონ ევროს აღემატება," - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა

მისივე თქმით, ევროკავშირი ზოგიერთი სომხური პროდუქტის, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ვაჭრობის გამარტივების ზომებს მიიღებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ასევე დაეხმარება შეზღუდვების მიერ დაზიანებულ ბიზნეს სექტორებს, როგორიცაა სომხური ყვავილები.

"ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ბიზნესების დაკავშირებას, ერევანში ბოლო სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით," - აღნიშნა მან.

ფონ დერ ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა სამიტზე დაკავშირებადობის პარტნიორობას და გამოთქვა მისი განვითარებისკენ თავდადება.

"თურქეთთან სავაჭრო გზების ბოლოდროინდელი ხელახალი გახსნა, მათ შორის საქართველოსა და თურქეთის გავლით რკინიგზის კავშირი, წინ გადადგმული შესანიშნავი ნაბიჯია," - თქვა მან.

"სომხეთს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული ცენტრი," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთმა შეზღუდვები სომხური ყვავილებისა და არაერთი ბოსტნეულის იმპორტზეც დააწესა.

რუსეთი სომხეთს დროებით შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ბროწეულისა და ჩირის იმპორტზეც უწესებს. აკრძალვა შეეხება ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტსაც. 

შეზღუდვები ნაწილობრივ შეეხება სომხური თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტსაც. შემოწმების შემდეგ, თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა რუსეთში მხოლოდ 2 სომხურ კომპანიას შეეძლება.

იქამდე, რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 2 ივნისიდან სომხეთიდან რამდენიმე სახეობის ხილის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. აკრძალვა ვრცელდება ალუბალზე, ბალზე, გარგარზე, ქლიავზე, ატამზე, ვაშლატამასა და ყურძენზე.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა უწყებამ სომხეთიდან სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანაც შეზღუდა. მათ შორისაა მარწყვი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი და წიწაკა. გარდა ამისა, რუსულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდა სომხური კონიაკისა და ღვინის რამდენიმე ბრენდსაც - ასევე მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს. 


შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ სავაჭრო შეზღუდვებს ეკონომიკური იძულების საშუალებად ხშირად იყენებს.

შეზღუდვები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად ცდილობს დასავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ტენდენციით მოსკოვი უკმაყოფილოა. ბოლო პერიოდში რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს სომხეთში მოახლოვებულ არჩევნებზე. კრემლმა ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აქამდე განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება, მოსკოვი ერევანთან ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სომხური პროდუქციის შესყიდვას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს.

 

კომენტარები