რუსეთი-სომხეთი

რუსეთმა სომხეთიდან საკარანტინო პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი მთლიანად აკრძალა

12 ივნისიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (Россельхознадзор) სომხეთიდან რუსეთში მთელი საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და მის ტრანზიტს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ქვეყნებში სრულიად კრძალავს.

უწყების განცხადებით, ის სისტემატურად ავლენს საკარანტინო ობიექტებს, და "მიუხედავად სომხური მხარისთვის მიცემული გაფრთხილებებისა, ეს პრობლემები კვლავ გრძელდება". გარდა ამისა, Россельхознадзор-ის მტკიცებით, ივნისში დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც სომხურ თხილში, გამომშრალ ატამსა და გამომშრალ პომიდორში აღმოაჩინეს კაპრის ხოჭო.

საკარანტინო პროდუქციას მიეკუთვნება საქონელი, რომელიც "მაღალ ფიტოსანიტარულ რისკს" შეიცავს. Россельхознадзор-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში შედის ყვავილები, ბოსტნეული, ხილი, კენკრა, მარცვლეული, თამბაქო, ხე-ტყე და მრავალი სხვა პროდუქტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სომხეთის წინააღმეგ მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება 7 ივნისამდე, სომხეთში საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე, დაიწყო და მოსკოვი მეზობელი ქვეყნების მიმართ მსგავს ზომებს ეკონომიკური იძულების საშუალებად ხშირად იყენებს.

შეზღუდვები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად ცდილობს დასავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ტენდენციით მოსკოვი უკმაყოფილოა. რუსეთი შეეცედა გავლენა მოეხდინა სომხეთში გამართულ არჩევნებზე, თუმცა ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, რომელიც დასავლული კურსის გაგრძელებას უჭერდა მხარს, გამარჯვება მაინც შეძლო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აქამდე განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება, მოსკოვი ერევანთან ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სომხური პროდუქციის შესყიდვას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს.

კომენტარები