აშშ-პოლონეთი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-სთან კონტინგენტის ზრდაზე მოლაპარაკებები აქვთ

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო

პოლონეთის ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ პოლონეთი ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

კოსინიაკ-კამიშმა გერმანიიდან დაახლოებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ ტრამპის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპაში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა მნიშვნელოვანია.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცები დარჩნენ ევროპაში, დარჩნენ პოლონეთში. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გერმანიაში, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოლონეთში კონტინგენტის არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ მის გაზრდის შესახებაც". - თქვა კოსინიაკ-კამიშმა. 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაამატა, რომ "პოლონეთის სტრატეგია უცვლელი რჩება". 

"ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ძალა. ჩვენ მოკავშირეები გვჭირდება, თუმცა ისინი ჩვენ სერიოზულად მხოლოდ მაშინ აღგვიქვამენ, როდესაც ძლიერები ვიქნებით. სუსტებს სერიოზულად არავინ აღიქვამს". - თქვა კოსინიაკ-კამიშმა. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიიდან თავდაპირველად გამოცხადებული 5 000-ზე გაცილებით მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

ტრამპის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან მომდევნო 6-12 თვეში დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს.

კომენტარები