აშშ-პოლონეთი

მზად ვართ, მივიღოთ აშშ-ს ჯარისკაცები აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად – კოსინიაკ-კამიში

Getty Images

პოლონეთის ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი გაზარდოს.

ამის შესახებ კოსინიაკ-კამიშმა X-ზე დაწერა.

"პოლონურ-ამერიკული ალიანსი ჩვენი უსაფრთხოების საფუძველია. პოლონეთი მზადაა, მიიღოს უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და ევროპის კიდევ უფრო უკეთესად დასაცავად". - წერს კოსინიაკ-კამიში.

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ პოლონეთში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომ აშშ-ს "პოლონეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს". 

"პოლონეთი ისურვებდა ამას. პოლონეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. გახსოვთ? მე მას მხარი დავუჭირე და მან გაიმარჯვა, საკმაოდ შორიდან დაიწყო და გაიმარჯვა. ის დიდებული მეომარია. შესანიშნავი ადამიანია. ძალიან მომწონს. ასე რომ, ეს კარგია". - თქვა ტრამპმა. 

მანამდე, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ პოლონეთი ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

კოსინიაკ-კამიშმა გერმანიიდან დაახლოებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ ტრამპის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპაში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიიდან თავდაპირველად გამოცხადებული 5 000-ზე გაცილებით მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

ტრამპის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან მომდევნო 6-12 თვეში დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს.

კომენტარები