ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაციები, "რომლებიც გავრცელდა მედიით, და არა ხელისუფლების მიერ, ეფუძნებოდა კონკრეტულ ეჭვებს", რომლებიც კობახიძის თქმით, "საბოლოოდ, არ დასტურდება".
"დიპლომატიური ზომა - დაბარება არ ყოფილა გამოყენებული. ჩვენ ხომ ვიცით ეს ჩვენი ელჩისგან, რომ დაბარება გამოყენებული არ ყოფილა, მას სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში.
ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთი ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს არის ჩვენი მოწოდება. დანარჩენზე ყველამ გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. [...]
გავრცელებული ინფორმაციები, რომლებიც გავრცელდა მედიით, და არა ხელისუფლების მიერ, ეფუძნებოდა კონკრეტულ ეჭვებს. მაგალითად, პენსიების გამოყენებაზე აქციების დაფინანსებისთვის, რაც საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ არ დასტურდება, რომ ეს საპენსიო გადარიცხვები ემსახურებოდა არეულობის დაფინანსებას, კონკრეტულად, ეს გადარიცხვები. თუმცა, არსებობს სხვა თემები, რასთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები. ეჭვებზე დაყრდნობითაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა.
[...] წინა ადმინისტრაციის პირობებში, კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ იყვნენ ჩართული საქართველოში ექსტემისტული ჯგუფების დაფინანსებაში, ეს იყო მაგალითად USAID და NED, რაც აკრძალა შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპა. [...] ახლა არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული. ამაზე გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში". - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ნეტგაზეთმა 7 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი გაავრცელა, სადაც საუბარია ივანიშვილის ელჩის, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრის მიზეზზე.
ამასთან ერთად, გამოცემისთვის გაგზავნილ წერილში, ამერიკა პასუხობს რეჟიმის პროპაგანდას ტაილანდიდან საქართველოში "რევოლუციური მიზნების" დაფინანსების შესახებ.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.
განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით." - წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის წერილში.
4 ოქტომბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და “ტაილანდიდან რადიკალიზმის დაფინანსების” შესახებ ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით “ღრმა შეშფოთება” გამოხატეს.
ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ 2 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში თქვა, რომ "ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს"
"ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული". - ირწმუნებოდა მდინარაძე.





