აშშ-საქართველო

რადიო თავისუფლება: აშშ-ს სახდეპში ელჩი ტალიაშვილი დაიბარეს და "ღრმა შეშფოთება" გამოხატეს

დონალდ ტრამპი/თამარ ტალიაშვილი

რადიო თავისუფლების მიხედვით, აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა და “ტაილანდიდან რადიკალიზმის დაფინანსების” შესახებ ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით “ღრმა შეშფოთება” გამოხატა.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული”. - წერია აშშ-ს საელჩოს სპიკერის მიერ რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში. 

რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად მიწერილ განცხადებაში საელჩოს სპიკერი წერს, რომ ტალიაშვილი აშშ-ს სახდეპმა დაიბარა, რათა “სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ”.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ 2 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში თქვა, რომ "ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს"

"ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული". - ირწმუნებოდა მდინარაძე.

კომენტარები