რუსული რეჟიმი

CMIS: აქციის გაშუქებისას 28 ნოემბრიდან დღემდე, მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა

მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ  მხოლოდ პროტესტის გაშუქებისას, 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა.

CMIS-მა ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში, ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა.

"საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის დარღვევები როგორებიცაა: ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება/დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა,
ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა.

მიუხედავად ასეთი მასშტაბური პრობლემისა, არც ერთი თავდამსხმელი, მათ შორის, საჯარო იდენტიფიცირებული პირები, პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

პარალელურად, დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნე გახდნენ.

ქართული ოცნების პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის." - ვკითხულობთ CMIS-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

  • პოლიტიკური მოტივით გასამართლება – 1 შემთხვევა
  • ფიზიკური ძალადობა და დაზიანება – 122 შემთხვევა
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა – 104 შემთხვევა
  • სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები – 102 შემთხვევა
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია – 108 შემთხვევა
  • საკუთრებაზე თავდასხმა – 29 შემთხვევა
  • შრომითი უფლებები დარღვევის (2025 წლის იანვრიდან დღემდე) – 22 შემთხვევა (ყველა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

CMIS-ის მიხედვით, საჯაროდ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში,
ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. 

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების დღეს,  ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 70 შემთხვევა აღრიცხა.

კომენტარები