კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსეთის მიერ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებზე ცალმხრივი მორატორიუმის გაუქმების შემდეგ იმუქრება, რომ ბირთვული შესაძლებლობების საშუალო მანძილის რაკეტების განთავსებაზე "რუსეთს არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს".
ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის პასუხად ილაპარაკა.
"ამ მხრივ რუსეთს არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს. რუსეთი აღარ მიიჩნევს, რომ რამით შეზღუდულია. რუსეთს მიაჩნია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას". - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთმა გამოაცხადა, რომ ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განთავსების შესახებ ცალმხრივი მორატორიუმი გააუქმა.
Reuters წერს, რომ დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ცალმხრივი მორატორიუმი ოფიციალური არსებობის განმავლობაში ფაქტობრივად არ მოქმედებდა, ხოლო ახლანდელი განცხადებით რუსეთს დასავლეთისთვის აგრესიული გზავნილის გაგზავნა სურს.
გასული წლის ზაფხულში პუტინმა თქვა, რომ აშშ-ს პასუხად ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების წარმოება და, შესაძლოა, განლაგება უნდა დაეწყოთ. ამავე პერიოდში პუტინი იმუქრებოდა, რომ გერმანიაში შორი მანძილის რაკეტების განთავსების შემთხვევაში რუსეთი ცალმხრივ მორატორიუმს გააუქმებდა.
გარდა ამისა, გასული წლის შემოდგომაზე რუსეთმა კონტინენტთაშორისი რაკეტა, ორეშნიკი გამოიყენა.
2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმის დროს რუსეთმა ორეშნიკის კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.
28 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სხდომის შემდეგ ლუკაშენკომ თქვა, რომ პუტინს "ეხუმრა", კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებაზე. ამ სისტემას ბირთვული შესაძლებლობა გააჩნია.
6 დეკემბერს პუტინმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ბელარუსში ეს სარაკეტო სისტემა განეთავსებინათ. მათ მოაწერეს ხელი უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას. პუტინის თქმით, ორეშნიკის ბელარუსში განთავსება შესაძლებელი მომდევნო წლის მეორე ნახევარში იქნება.
რუსეთმა საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმება გაუქმდა. მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ რაკეტებს არ განალაგებდა, სანამ ამას NATO არ იზამდა.
აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა შეთანხმება საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების განლაგებასთან დაკავშირებით. შეთანხმების სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია. აშშ-მ ეს ხელშეკრულება 2019 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მათი ინფორმაციით, რუსეთი მის პუნქტებს არღვევდა, რასაც მოსკოვში უარყოფდნენ.





