თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილის საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო, გამოძიების ფარგლებში, ბურჭულაძის ქმედებებსაც განიხილავს და შემოწმდება "ყველა საგამოძიებო ვერსია".
"მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდული იქნა ძვირადღირებული სამერდიცინო აპარატურა, მაგნიტურ-რეზონანსული აპარატურა და გაფლანგული იქნა დაახლოებით 1 300 000-ზე მეტი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თითოეული ბრალდებულის მხრიდან პატიმრობის გამოყენებაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა [...]
ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის გამოძიების მიერ შეფასებული იქნება ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე". - თქვა პროკურორმა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით სახელმწიფო სკუთვნილი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და კიდევ ორ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გააწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
სამივე პირი 27 ივლისს დააკავეს. საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხით, 2023 წელს მართლსაწინააღდმეგო გაფლანგვის ფაქტს.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა".
ხაინდრავასთან ერთად დაკავებულია სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე. გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, ხოლო ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს.





