უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი აშშ-ში მიფრინავს. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა, მალევე პრეზიდენტის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
გამოცემის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი 2 ივნისს პოლონეთიდან ირლანდიაში ჩაფრინდა, სადაც რამდენიმე საათით გაჩერდა და შემდეგ აშშ-ს მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეხვედრასთან დაკავშირებით წინასწარ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გუშინ, 2 ივნისს უკრაინასა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.





