უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

2 ივნისს, სტამბოლში უკრაინა-რუსეთის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა.

შეხვედრა საათზე მეტხანს გრძელდებოდა. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ: რუსეთის მხრიდან – რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი, უკრაინის მხრიდან – უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

უმეროვის თქმით, რუსეთი არ დათანხმდა გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა შეხვედრაზე მხარეებმა ტყვეების გაცვლის კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს: დელეგაციები შეთანხმდნენ ყველა მძიმედ ავადმყოფი და 25 წლამდე ტყვეების გაცვლაზე;

გარდა ამისა, 6000x6000 ფორმატში გაიცვლება დაღუპულთა სხეულები.

რუსეთმა წამოაყენა წინადადება დროებით ცეცხლი შეწყდეს ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, რათა მხარეებმა შეძლონ ბრძოლის ველიდან სხეულების გამოტანა.

შეხვედრაზე წამოიჭრა უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საკითხი. უმეროვმა მათი დაბრუნება მოითხოვა.

მედინსკიმ უკრაინელი ბავშვების საკითხზე ვრცელი კომენტარი მედიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

"ბავშვების შესახებ იყო საუბარი. ცენტრალური თემა იყო. თავიდან ჟღერდებოდა ბრალდებები, რომ რუსეთმა 1.5 მილიონი ბავშვი მოიტაცა. მერე რიცხვი 200 000-ზე ჩამოვიდა. ახლა ოფიციალური ციფრი 20 000 გახდა. როგორც იქნა მივიღეთ სია, და აი ხედავთ, აქ არის 339 გვარი. მოხდა იმ ბავშვების ევაკუაცია, რომლებიც ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდნენ, მაგრამ თუ არსებობს ოჯახი, ისინი ბრუნდებიან სახლში. აქ 339 გვარია, არც მილიონი და არც ათასი, თითოეულ საქმეს განვიხილავთ. "ბავშვების მოტაცების" თემით უკრაინა ევროპელებისთვის შოუს დგამს".

შეხვედრის შემდეგ, უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა მესამედ შეხვედრისთვის მზად არის და სასურველია მესამე რაუნდი ივნისის ბოლოს გაიმართოს.

კომენტარები