რუსული რეჟიმი

საია ჩხრეკებზე: ოცნების ტერორის კიდევ ერთი გამოხატულებაა

gyla.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს გამოეხმაურა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ქართული ოცნების ტერორის გამოხატულებაა.

"ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების შედეგად ტელეფონები და კომპიუტერები ამოიღეს. სამართალდამცველები ადვოკატის გარეშე მყოფ მოქალაქეებს ჩხრეკა-ამოღების გადაღებას არა მხოლოდ უკრძალავდნენ, არამედ, როდესაც პირები ითხოვდნენ ახსნას, თუ რომელი ნორმით იყო აკრძალული გადაღება, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ.

ის, რომ შეიძლება, ტელეფონი ინფორმაციის შემცველი საგანი იყოს, ეს საგამოძიებო უწყებისთვის ობიექტურად განჭვრეტადი და შეცნობადია, ამიტომ, საიას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, განჩინებაში ტელეფონის ამოღებასთან დაკავშირებით მითითება პირდაპირ უნდა გაკეთდეს.

ამავე დროს, შეიძლება, ამოღებულ ტელეფონებში ინახებოდეს პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (როგორიცაა, მაგალითად, საადვოკატო ან ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია), რაც განსაკუთრებით დაცული მონაცემია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე, რელევანტური საერთაშორისო ხელშეკრულებებით (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით)".- წერია საიას განცხადებაში.

საიას განცხადებით, აღნიშნული ჩხრეკა მიზანშეწონილ საგამოძიებო ღონისძიებად ვერ შეფასდება.

"იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 თვეზე მეტია გასული ფონდების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან და ანგარიშების დაყადაღებიდან, 29 აპრილს, დილით, ამ პირების სახლებში მისვლა და ჩხრეკა-ამოღების ჩატარება ქართული ოცნების ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმპციითაც კი ვერ შეფასდება როგორც მიზნშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება". - წერია საიას განცხადებაში.

29 აპრილს პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, ასევე გუგა ხელაიას საცხოვრებელ სახლებში.

აღსანიშნავია, რომ 29 აპრილს პროკურატურამ "საბოტაჟის მუხლით" დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც 6 თვის ორსულია, ამასთან ერთად, ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდა ბაჯელიძის 7 წლის შვილიც.

ცნობისთვის 18 იანვარს, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" განცხადებით მიმართა.

კომენტარები