რუსული რეჟიმი

POG: "საბოტაჟის საქმის" ფარგლებში, ტარდება 5 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა

პროკურატურა/POG

საქართველოს პროკურატურა დილიდან მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, უწყება წერს, რომ  ჩხრეკებს შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაწყებული "გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით" ახორციელებენ. 

უწყების ცნობით, მიმდინარეობს 5 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. 

"საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო ნანუკას ფონდი-ს ფროსფერითი-ს, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ს, სირცხვილია-ს და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს." - წერს პროკურატურა.

დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე მივიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებში.

ცნობისთვის 18 იანვარს, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" განცხადებით მიმართა.

სატელიტების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო. 

 ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს რამდენიმე ფონდი, რომლებიც, მათ შორის, აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევდნენ.

კომენტარები