რუსეთი-საქართველო

ფორმულა: რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი საქართველოშია

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება.

ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. ხოლო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იაკუნინს სანქციები გაერთიანებულმა სამეფომ 2022 წელს დაუწესა. იაკუნინი ასევე სანქცირებულია ავსტრალიისა და კანადის მიერ.

ფორმულას ინფორმაციით, იაკუნინი გაჩერდა სიღნაღში, სასტუმროში, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის. ჩხარტიშვილი პარტია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. გავრცელებული ცნობებით, იაკუნინმა სწორედ ამ სასტუმროში აღნიშნა თავისი შვილის, ანდრეი იაკუნინის, დაბადების დღე, სადაც დაახლოებით 200 სტუმარი იყო შეკრებილი.

ვლადიმირის შვილი, ანდრეი იაკუნინი 2022 წლის ოქტომბერში, ნორვეგიაში სამხედრო ობიექტებთან დრონის უკანონო გამოყენებისთვის დააკავეს, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალულია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არხის კორესპონდენტმა ვლადიმირ იაკუნინს კახეთში, ბოდბის მონასტერში ესაუბრა. იაკუნინს დაუსვეს კითხვა ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო ურთიერთობის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ ივანიშვილს არ იცნობს. რაც შეეხება ვლადიმირ პუტინთან მეგობრულ კავშირს, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ფორმულას ინფორმაციით, რუსი ბიზნესმენი მისი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად გადაადგილდებოდა.

კომენტარები