აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ მშვიდობისაკენ "ნათელი გზა" უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობას შეეშვება.
რუტესა და რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ტელეფონზე ელაპარაკა სამშვიდობო შეთავაზების შესახებ, რომელიც გუშინ უკრაინულ დელეგაციას პარიზში წარედგინა, რუს წარმომადგენლებს კი ტელეფონით. მდივანმა გამოხატა პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ს იმედები, რომ ეს წინადადება მიღებული იქნება და უკრაინაში მდგრად და გრძელვადიან მშვიდობამდე მიგვიყვანს. მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ, მართალია, ჩვენი ქვეყანა ომის დასრულების ერთგული იყო, თუმცა თუკი მშვიდობისკენ თვალნათელი გზა უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო ხელშეკრულების შუამავლობის ძალისხმევას თავს დაანებებს". - წერია სახდეპის განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია.
"ჩვენ ამ მცდელობის გახანგრძლივებას კვირების ან თვეების განმავლობაში არ ვაპირებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ ახლა და ეს დღეების საკითხია, [მიღწევადია თუ არა შეთანხმება] მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში". - თქვა რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს პარიზში, ელისეის სასახლეში, აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფროსმა მრჩეველმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აშშ-ს, უკრაინასა და სხვა ევროპულ დელეგაციებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა დადებითად ჩაიარა და აჩვენა, რომ დაწყებულია პროცესი, რომელშიც უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპაც აქტიურადაა ჩაბმული.
შეხვედრას, უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ესწრებოდა.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, რუბიომ რუს კოლეგასთან საუბრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იგივე მესიჯი გაახმოვანა, რაც ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის მონაწილე მხარეებთან: "აშშ-ს სურს, რომ ომი დასრულდეს".
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
მდივანმა რუს კოლეგას იგივე მესიჯი გადასცა, რაც აშშ-ს გუნდმა უკრაინულ დელეგაციასთან და ევროპელ მოკავშირეებთან პარიზში შეხვედრის დროს გაახმოვანა: პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს ამ ომის დასრულება სურთ და ამ დროისთვის ყველა მხარეს წარუდგინეს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის გეგმა.
აშშ-ს მიერ შეთავაზებული სამუშაო ჩარჩოს მიმართ იმედისმომცემი რეაქცია აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყოველი მხარე შეთანხმების მიღწევის ერთგული იქნება". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამავე ქვეყნებს შორის უკრაინის საკითხზე შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირაში გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქშიც გაიმართება.