17 აპრილს პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინელ და სხვა ევროპელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, რუბიომ რუს კოლეგასთან საუბრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იგივე მესიჯი გაახმოვანა, რაც ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის მონაწილე მხარეებთან: "აშშ-ს სურს, რომ ომი დასრულდეს".
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
მდივანმა რუს კოლეგას იგივე მესიჯი გადასცა, რაც აშშ-ს გუნდმა უკრაინულ დელეგაციასთან და ევროპელ მოკავშირეებთან პარიზში შეხვედრის დროს გაახმოვანა: პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს ამ ომის დასრულება სურთ და ამ დროისთვის ყველა მხარეს წარუდგინეს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის გეგმა.
აშშ-ს მიერ შეთავაზებული სამუშაო ჩარჩოს მიმართ იმედისმომცემი რეაქცია აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყოველი მხარე შეთანხმების მიღწევის ერთგული იქნება". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ლავროვსა და რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე, სამინისტროს თანახმად, ლავროვმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის სურვილი, გააგრძელოს დიალოგი ვაშინგტონთან, "რათა სანდოდ აღმოიფხვრას უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზები".
განცხადების მიხედვით, რუბიომ ლავროვს ასევე მიაწოდა ინფორმაცია პარიზში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები იღებდნენ.