რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონის მრჩევლის თქმით, უკრაინაზე შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირაში ლონდონში გაიმართება

LUDOVIC MARIN/Pool via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფროსი მრჩევლის თქმით, პარიზში, ელისეის სასახლეში დღეს აშშ-ს, უკრაინასა და ევროპის სამ ძლიერ სახელმწიფოს შორის გამართულმა შეხვედრამ დადებითად ჩაიარა და აჩვენა, რომ დაწყებულია პროცესი, რომელშიც უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპაც აქტიურადაა ჩაბმული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

"'E3' [მიემართება საფრანგეთს, ბრიტანეთსა და გერმანიას] მაგიდის გარშემოა და ჩვენ ამას ევროპული ამბიციით ვაკეთებთ". - თქვა მაკრონის მრჩეველმა ემანუელ ბონმა ელისეის სასახლის გარეთ, შეხვედრის დასრულების შემდეგ რეპორტიორებთან საუბრისას. 

"რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ჩვენ დღეს პარიზში დავიწყეთ პროცესი, რომელიც დადებითია და რომელშიც ევროპელებიც არიან ჩართულნი". - თქვა ფრანგმა მაღალჩინოსანმა. 

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, ამავე ხასიათის შეხვედრა, უკრაინის საკითხზე, მომავალ კვირაში გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქშიც გაიმართება. ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს ამავე ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ცნობისთვის, ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი უფროსი მრჩეველი ემანუელ ბონი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი; ამასთან, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების წარმომადგენლები და სხვა. 

კომენტარები