არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის ქალების მიმართ ადგილი აქვს უკანონო პრაქტიკას - სრული გაშიშვლების, ასევე, ბუქნების კეთების იძულებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს.
ორგანიზაციების შეფასებით, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების - რუსთავი 2-ისა და იმედის ჟურნალისტები მისგან დაჟინებით მოითხოვდნენ პასუხის გაცემას კითხვაზე, თანახმა იყო თუ არა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის კადრების გამოქვეყნებაზე, წარმოადგენს მსხვერპლი ქალის მიმართ განგრძობითი ფსიქოლოგიური ძალადობის და მეორადად ტრამვირების მცდელობას.
"აღსანიშნავია, რომ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესით, პირის პირადი შემოწმების დროს სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია. შემოწმების დროს დასაშვებია მხოლოდ სხეულის ცალკეული ნაწილების დათვალიერება ან გაშიშვლება. აღნიშნული პროცესი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ტიხრის/ფარდის მიღმა და არ შეიძლება მოექცეს ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არეალში.
დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით, როგორიცაა გაეროს, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის - CPT-ს სტანდარტები, დაკავებულების, განსაკუთრებით ქალების შემოწმების მიზნით სრული გაშიშვლება დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს. იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს დაკავებულთა მიმართ რუტინულად, მხოლოდ განსაკუთრებულ, სამართლებრივად და ფაქტორბივად დასაბუთებულ შემთხვევაში შეიძლება დაკავებულს მოსთხოვონ სხეულის ნაწილების გაშიშვლება, რა დროსაც დაცული უნდა იყოს დაკავებულის ღირსება.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ სხეულის სრული გაშიშვლების და ბუქნების კეთების იძულების პრაქტიკაზე რამდენიმე ქალმა ასევე საჯაროდ ისაუბრა (კრისტინე ბოტკოველი, იგივე ნენსი ვოლანდი, ნუცა მახარაძე). მათი თქმით, ეს პროცესი იყო უკიდურესად დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და დამაშინებელი.
შეგახსენებთ, რომ დაკავების შემდგომ (როგორც აქციაზე, ასევე, ტრანსპორტირების და პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს) პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარაზე, სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ნოემბერ-დეკემბერში პრო-ევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა არაერთმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა. აღნიშული ფაქტების გამო პასუხისგებაში არც ერთი პოლიციელი მიცემულა". - ნათქვამია განცხადებაში.
მათი შეფასებით, ისევე როგორც მსხვერპლი ქალების მონაყოლი, ასევე პრაქტიკის გავრცელების მასშტაბი და ინტენსივობა მიუთითებს, რომ ქალების წინააღმდეგ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, პოლიტიკური რეპრესიების, დევნის, დაშინების და დათრგუნვის იარაღად გამოიყენება.
"აქვე განვმარტავთ, რომ მსგავს პრაქტიკაზე საუბრობენ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში გადაყვანილი მამაკაცი დაკავებულებიც. თუმცა, ქალთა მიმართ მსგავსი პრაქტიკა გაცილებით მატრამვირებელი და ღირსების შემლახველია. აღსანიშნავია, რომ სხეულის სრული გაშიშვლებით შემოწმების პრაქტიკის არსებობას ხელისუფლება ომბუდსმენისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებების მიუხედავად, წლების განმავლობაში უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ სრული გაშიშვლება ნებაყოფლობითი იყო და შემოწმების დროს გამოიყენებოდა ალტერნატიული საშუალებები". - ნათქვამია განცხადებაში
მივმართავთ ქალებს, თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ:
- თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენლმა;
- პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება;
- პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს
დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები:
- უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკევებით;
- პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები.
დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:
- ადვოკატთან დაკავშირება
- სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481)
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199)
ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იდენტიფიცირებული პოლიციელები, რომლებიც ელენე ხოშტარიას განცხადებით, მონაწილეობდნენ მის მომართ ჩადენილ ძალადობაში არიან: ნინო ჩხარტიშვილი, სალომე ლაშხია, დავით ბოლოთაშვილი და სხვები.





