რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ერმაკი: აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო

ანდრიი ერმაკი
President.gov.ua

 

"აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო. ჩვენ ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად" – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე. 

11 მარტს The Guardian-ზე გამოქვეყნებული სტატიაში, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი წერს, რომ ბოლო პერიოდში პარტნიორებთან დიალოგი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე იმედის საფუძველს იძლევა.

"ბოლო დროინდელი მოლპარაკებები უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის იმედის საფუძველს იძლევა, რომ უკრაინელები ძალიან მალე დაუბრუნდებიან მშვიდობიან ცხოვრებას, რაც მათ 2014 წელს ომის დაწყებამდე, ან 2022 წელს მის ესკალაციამდე ჰქონდათ. მჯერა, რომ ამერიკის ძლიერი ლიდერობით ჩვენ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია" – წერს ერმაკი.
 
ერმაკის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური გზებით არ მიიღწევა, არამედ სხვა ზომებიც არის საჭირო, რათა მშვიდობა მდგრადი იყოს. 

"ეს გულისხმობს რუსეთზე პოლიტიკური და ფინანსური წნეხის მოხდენას, რათა კონფლიქტის განახლების ფასი გაიზარდოს" – წერს ერმაკი.
 
ერმაკის მიხედვით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, ხოლო ევროპამ უნდა გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გაყინული რუსული აქტივებით უკრაინის დახმარება გააგრძელოს. 
 
საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იქნებიან ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ერმაკის მოადგილე პაველ პალისა. 
 

ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. 

თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც  საუდის არაბეთში 10 მარტს ჩავიდა, რათა  საუდის არაბეთის პრინც მუჰამედს შეხვედროდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

მოლაპარაკებებს წინ უძღვის 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა.

ოვალურ კაბინეტში გამართული კატასტროფული შეხვედრიდან მალევე ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც უკრაინელებს რუსეთზე შორი რადიუსის იერიშების მიტანაში ეხმარებოდა. 

ცოტა ხნის წინ Financial Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 11 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებში შეეცდება, დაარწმუნოს ამერიკული მხარე, რომ ზელენსკის ომის სწრაფად დასრულება სურს, რათა აშშ-მ კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და სამხედრო დახმარების მიწოდება აღადგინოს.

ოფიციალური პირები, რომლებიც ინფორმირებულები არიან საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების მოსამზადებელ პროცესებზე, ამბობენ, რომ კიევი რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ წინადადებით გამოვა. წყაროების ცნობით, წინადადება ითვალისწინებს შორი რადიუსის თავდასხმების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, დროებით შეჩერებასა და შავ ზღვაში საბრძოლო ოპერაციების შეწყვეტას. უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ წინადადება ვაშინგტონს დაარწმუნებს, გაიწვიოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებისა და იარაღის მიწოდების გაყინვის შესახებ. 

მოლაპარაკებებისთვის უკრაინული მხარის მზაობა განპირობებულია იმ ფაქტითაც, რომ, როგორც Financial Times წერს, აშშ-ს სამხედრო დახმარების შეჩერებამ კურსკის ოლქში, რომლის ნაწილზეც უკრაინის ძალებმა კონტროლი გასულ აგვისტოში დაამყარეს, რუსების წინსვლას შეუწყო ხელი. 

როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, მოკლევადიან პერიოდში კიევი უპირატესობას აშშ-სთან ურთიერთობების გამოსწორებას ანიჭებს, ხოლო ორი ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კიევი მოლაპარაკებებში პროგრესს უყურებს, როგორც ნიადაგი სამხედრო და სადაზვერვო დახმარების აღდგენისთვის. 

"უკრაინისა და აშშ-ს ხელისუფლებას შორის საუდის არაბეთში გამართული ნებისმიერი მოლაპარაკებების მიზანი იქნება, კერძოდ, რომ მხარეები დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ". - თქვა უკრაინელმა პარლამენტარმა ზელენსკის პარტიიდან და რადის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ. 

აშშ-ს წნეხმა, რომელიც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი კატასტროფული შეხვედრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, ზელენსკის ადმინისტრაცია აიძულა, რომ რიგ საკითხებზე პოზიცია შეეცვალა. 

"ტაქტიკა შეიცვალა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. თუ აქამდე გეგმა ის იყო, რომ [უკრაინას] ჯერ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო, ხოლო შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე ემუშავა, ახლა ცხადია, რომ ეს ამ თანმიმდევრობით არ მოხდება". - უთხრა გამოცემას ვოლოდიმირ ფესენკომ, უკრაინელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა. 

"ტრამპი ამბობს, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ვაჩვენოთ აშშ-ს, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ისე სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან". - დაამატა ანალიტიკოსმა. 

ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები უკრაინაში მიმდინარე ომისა და ორმხრივი ურთიერთობების შესახებ 18 თებერვალს საუდის არაბეთში, ხოლო 27 თებერვალს თურქეთში გაიმართა. 

კომენტარები