რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინს შეხვდება

სტივ უიტკოფი

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. 

ინფორმაციას Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც გამოცემა წერს, უიტკოფის პოტენციური შეხვედრა პუტინთან ნაწილია ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევისა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იქნეს მიღწეული. 

Bloomberg-ის ცნობით, უიტკოფი მოსკოვში მიმდინარე კვირაში ჩავა და ეს მისთვის, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, მეორე ვიზიტი იქნება რუსეთში. 

უიტკოფის ვიზიტი, სავარაუდოდ, დროში დაემთხვევა 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის შეხვედრებს. 

9 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან და რუსეთთან "დიდი შეხვედრები იგეგმებოდა". 

შეგახსენებთ, რომ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში 11 მარტს გაიმართება. მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების საკითხებს შეეხება. 

 

5 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს". 

მოლაპარაკებებს წინ უძღვის 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ცნობისთვის, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში რუსეთთან გამართა. 

18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:

"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.

მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.

შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.

"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა,რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.

"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.

ამასთანავე, New York Times-მა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიომ შეშფოთებულ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივი შეთანხმების პირობების მიღება უკრაინას ან ევროპას დააძალოს.

რუბიოს თქმით, ვაშინგტონს გარკვევით ესმოდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს დასავლეთის დაყოფისთვის ან მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციის შესასუსტებლად გამოიყენებდა. NYT-ის ცნობით, მან ევროპელ პარტნიორებს ასევე უთხრა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის, თუ რუსეთის პოზიციაში აშკარა ცვლილება არ იქნება, თუმცა არ გამორიცხა შეზღუდული სახით სანქციების მოხსნა, თუ მოსკოვი ისეთ ნაბიჯებს გადადგამდა, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას სურს.

კომენტარები