გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, ის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორის, სამართლებრივი საქმის დაწყებით, რათა უკრაინის დასახმარებლად გამოთავისუფლდეს გაყინული 2.3 მილიარდი ფუნტი, რომელიც საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვის შედეგად ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ჩელსის 2003 წლიდან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ფლობდა. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაერთანებულმა სამეფომ აბრამოვიჩის აქტივები გაყინა, მათ შორის, აღნიშნული საფეხბურთო კლუბი.
აბრამოვიჩს კლუბის გაყიდვა მოუწია. კლუბი 4.5 მილიარდ ფუნტად ერთ-ერთა ამერიკელმა მილიარდერმა და საინვესტიციო კომპანიამ იყიდა, ხოლო აღნიშნული თანხიდან 2.3 მილიარდი ფუნტი, რომელიც აბრამოვიჩს ეკუთვნოდა, ბრიტანეთის მთავრობამ გაყინა.
აღნიშნული თანხა, რომლის გადამისამართებაც გაერთიანებული სამეფოს უკრაინისკენ სურს, 2 წელზე მეტია, რაც ბანკში ინახება. ჯერჯერობით თანხაზე პირდაპირი წვდომა ბრიტანეთის მთავრობას არ აქვს და არც მისი გამოყენება შეუძლია, რის შესაცვლელადაც საგარეო საქმეთა მინისტრი სამართლებრივი საქმის დაწყების ინიციატივით გამოდის, რათა თანხის გამოყენების დაწყებისთვის ყველა სამართლებრივი და ბიუროკრატიული საკითხი გადაწყდეს.
"შეშფოთებული ვარ, რომ ეს არ მომხდარა. თანხა უნდა განაწილდეს და გამოყენებულ იქნას". - უთხრა Financial Times-ს დევიდ ლემიმ და დაამატა, რომ მას "მოქმედებაზე ორიენტირებული მიდგომა" ექნებოდა, რათა თანხის გამოყენების დაწყებასთან არსებული "სამართლებრივი პრობლემები" გადაჭრილიყო და გაყინული თანხის აღდგენა დაწყებულიყო.
საკითხზე კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისმაც.
"მთავრობა მუშაობს, რათა უზრუნველყოს, რომ ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები უკრაინის ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდეს რაც შეიძლება მალე. მიღებული შემოსავლები ამჟამად გაყინულია და ინახება გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშზე, რის პარალელურადაც იქმნება დამოუკიდებელი ფონდი, რომელიც თანხას მართავს და გაანაწილებს". - უთხრეს გამოცემას ბრიტანეთის საგარეო ოფისში.
- აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის და თანხის ომით დაზარალებულებისთვის გადარიცხვას გეგმავს
- Telegraph: EU-ს საბოლოო დასტურის შემდეგ, აბრამოვიჩი უკრაინის ფონდს £2.3 მილიარდს გადაურიცხავს
-
ოლიგარქ აბრამოვიჩს სურს, რომ ჩელსის გაყიდვით მიღებული თანხით რუსებსაც დაეხმაროს