რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის და თანხის ომით დაზარალებულებისთვის გადარიცხვას გეგმავს

Eurosport

ლონდონის ჩელსის მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი კლუბს ყიდის. კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით თანახმად, ეს "ძალიან რთული გადაწყვეტილება" იყო. მისივე თქმით, კლუბის გაყიდვით მიღებული თანხა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის გადაირიცხება.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიულ გამოცემა Blicke-სთან საუბრისას მილიარდერმა ჰანსიორჯ ვისმა თქვა, რომ მას ჩელსის ყიდვა შესთავაზეს. ვისის თქმით, სანქციების საფრთხის გამო აბრამოვიჩს კლუბის სწრაფად გაყიდვა სურდა.

აბრამოვიჩს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირებში ადანაშაულებენ, რასაც ის უარყოფს.

"გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. არსებულ მდგომარეობაში მივიღე კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება, მჯერა, რომ ეს კლუბის, ფანების, თანამშრომლების და ასევე კლუბის სპონსორებისა და პარტნიორების საუკეთესო ინტერესებშია." - ამბობს აბრამოვიჩი.

აბრამოვიჩის თქმით, კლუბის გაყიდვის პროცესი საჭირო პროცედურების დაცვით წარიმართება.

"ჩემს გუნდს დავავალე საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელშიც კლუბის გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი გადაირიცხება. ფონდი უკრაინაში ომით დაზარალებულებისთვის შეიქმნება" - ამბობს აბრამოვიჩი.

აბრამოვიჩმა ჩელსი 2003 წელს 140 მილიონ ევროდ იყიდა.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც. ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს თიშავს. დასავლეთის სანქციები სხვადასხვა რუს ოლიგარქებს და მათ აქტივებსაც შეეხო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები