თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების 11 დაკავებული მონაწილის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. განახლებულ სხდომაზე ერთერთი ბრალდებული რევაზ კიკნაძე ჯანო არჩაისადმი სოლიდარობის ნიშნად არ შევიდა. იქამდე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებული ჯანო არჩაია სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
გაძევება არჩაიასა და პროკურორს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ბრალდებულმა პროკურორებს უთხრა, რომ მათ 3 თვის განმავლობაში ვერ მოიტანეს ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა
"არც ვმალავ, რომ იქ ვიდექი. დღესაც რომ გამიშვათ, ამ საღამოსაც იქ დავდგები. მე იქ ვიდექი ჩემი შვილების დასაცავად" - მიმართა არჩაიამ სასამართლოს.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერიშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკს და ირაკლი ქერაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





