რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რა ტიპის სამხედრო დახმარებას აწვდიდა აშშ უკრაინას შეჩერებამდე?

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

ამასთან, RBC Ukraine-მ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.

რა ტიპის სამხედრო დახმარება გაუწია აშშ-მ უკრაინამ 20 იანვრის ჩათვლით

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მონაცემებით, აშშ-მ უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან (2022 წლის თებერვლიდან) მიმდინარე წლის 20 იანვრამდე $65.9 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

აშშ-ს წინა პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სამხედრო დახმარების შესახებ ბრძანებაზე ხელმოწერით ადასტურებდა იმას, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი "უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას" უწოდებდა.

გამოცემა The Guardian აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 20 იანვრის მონაცემების გამოყენებით აჯამებს ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემულ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას.

საჰაერო თავდაცვა

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული საჰაერო თავდასხმების ინტენსივობის გათვალიწინებით, ვაშინგტონი კიევს სულ უფრო დახვეწილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწვდის, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემა იყო. მსგავსი სისტემები უკრაინას ევროპელმა მოკავშირეებმაც მიაწოდეს.

გარდა ამისა, აშშ-მ უკრაინას თორმეტი Nasams-ის სისტემა, Hawk-ის სისტემები და საჭირო აღჭურვილობა მიაწოდა. ასევე, 3 000-ზე მეტი Stinger-ის საზენიტო რაკეტა.

მათი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად კი უკრაინას 21 საჰაერო მეთვალყურეობის რადარი გადაეცა. ასევე, სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც დასავლურ [რაკეტის] გამშვებებსა და რაკეტებს უკრაინის თავდაცვის სისტემასთან ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.

რაკეტები, ჭურვები და ნაღმმტყორცნები

ვაშინგტონმა უკრაინაში ამ დრომდე 200 ერთეულზე მეტი 155 მმ-იანი ჰაუბიცა და სამი მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა. ასევე, 72 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა, მილიონ ჭურვთან ერთად და 700 000-ზე მეტი ნაღმმტყორცნი.

ასევე, 40-ზე მეტი საარტილერიო-სარაკეტო სისტემა Himars, შესაბამის საბრძოლო მასალასთან ერთად.

გარდა ამისა, უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 10 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინი, რომელიც ომის პირველ კვირებში უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდაც იქცა. ასევე, 120 000-ზე მეტი სხვა ტიპის ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ საბრძოლო საშუალება და 10 000 Tow-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.

რაც შეეხება მცირე ზომის იარაღს, აშშ-მ უკრაინელ სამხედროებს 500 მილიონ ერთეულზე მეტი მსუბუქი იარაღის ვაზნა და ხელყუმბარა მიაწოდა.

ტანკები და ვერტმფრენები

გამოცემა აღნიშნავს, რომ პენტაგონი ამ დრომდე უარს ამბობს კიევისთვის თავისი საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის პირდაპირ მიწოდებაზე, თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 20 საბჭოთა წარმოების Mi-17-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენები. ასევე, სხვადასხვა ტიპის დრონები.

რაც შეეხება ტანკებს, ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ გადადების მიუხედევად, უკრაინას 31 ერთეული თანამედროვე Abrams-ის ტიპის ტანკი გადასცა. კიევს ასევე მიეწოდა 45 საბჭოთა წარმოების T-72B-ს ტიპის ტანკი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღრიცხულ დახმარების სიაში ასევე შედის, 300 ერთეული Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანა, 1 300 ჯავშანტრანსპორტიორი, 5 000-ზე მეტი Humvee-ს ტიპის სამხედრო მანქანა და 300 ბრონირებული სასწრაფო დახმარების მანქანა.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა კიევს 100-ზე საპატრულო გემები, სანაპირო დაცვის სისტემები, Claymore-ის ტიპის ნაღმები, სატელიტური კომუნიკაციის სისტემები, ღამის ხედვის სათვალეები და 100 000-ზე სხეულის ბრონირების ნაკრები მიაწოდა.

20 იანვრის შემდეგ?

The Guardian აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მონაცემები 20 იანვარს, ბაიდენის ადმინისტრაციის უკანასკნელ საათებშია შედგენილი.

ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ კი ვაშინგტონმა უკრაინისთვის იმ "კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალების" გადაცემა განაგრძო, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ იყო დამტკიცებული, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებისა და საარტილერიო ჭურვების.

მასალა მომზადებულია The Guardian-ზე დაყრდნობით.


აშშ-ს მიერ უკრაინისთვის დახმარების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ 3 მარტის მონაცემებით, დახმარება არ შეწყვეტილა და კიევს ვაშინგტონთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების იმედი აქვს.

ამასთან, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ხაზგასმით თქვა, რომ მთავრობა მინერალების შეთანხმებისთვის მზად არის, მაგრამ არ დათანხმდება ტერიტორიალურ დათმობებს.

აშშ-ს კონგრესის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა კი სამხედრო დახმარების შეჩერებას "დროებითი პაუზა" უწოდა.

პარალელურად, სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინა წიაღისეულის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან.

Reuters-ის ცნობით, ტრამპმა მრჩევლებთან თქვა, რომ შეთანხმების შესახებ გამოცხადებას კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს სურს. ამის შესახებ სამმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. თუმცა ხაზგასმულია, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ ხელმოსაწერია და სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

კომენტარები