გამოცემა RBC Ukraine სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.
"რაც შეეხება სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემასა ან გაზიარებას, ამ მხრივ ჯერ უკრაინულ ორგანოებს არანაირი ცვლილება არ უგრძვნიათ, აქ ჯერ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთმა წყარომ ეჭვქვეშ დააყენა, რომ აშშ-ს მიერ იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილების ამოქმედების შემთხვევაში, ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც შეეხება. წყაროს თქმით, თანამშრომლობის ეს ფორმა იარაღის მიწოდებისგან განსხვავდება.
ცნობისთვის, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა.
დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს The Hill-იც, რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსანს ეყრდნობა.
"ეს არ არის დახმარების სამუდამო შეწყვეტა, ეს არის პაუზა". - ციტირებს Fox News ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს.





