რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ამერიკული მედია: ტრამპმა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა

Sergei Supinsky / AFP via Getty Images file

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც გამოცემას ანონიმურობის დაცვა სთხოვა, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს The Hill-იც, რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსანს ეყრდნობა.

"პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ მშვიდობაზეა ფოკუსირებული. გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ დახმარებას, რათა უზრუნველვყოთ რომ იგი პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს". - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

"ეს არ არის დახმარების სამუდამო შეწყვეტა, ეს არის პაუზა". - ციტირებს Fox News ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს

კომენტარები