გაეროს უშიშროების საბჭომ 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, აშშ-ს რეზოლუცია მიიღო, რომელსაც კონფლიქტზე ნეიტრალური პოზიცია აქვს და არ მოიხსენიებს რუსეთს, როგორც აგრესორი.
ამის საპირისპიროდ გაეროში აშშ-ის მიერ წარდგენილი რუსეთისადმი არაკრიტიკული რეზოლუცია, რომელიც მხოლოდ ომის დასრულების მოწოდებას შეიცავს და არ ახსენებს მოსკოვის აგრესიას, არ მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ასამბლეამ დაამტკიცა ევროპული მხარდაჭერით უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დაუყოვნებლივ ჯარების გაყვანას მოითხოვს. აშშ-მ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
აშშ-ს რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა საბჭოს წევრმა ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ, გარდამავალი წევრებიდან - საბერძნეთმა, დანიამ და სლოვენიამ, ხოლო მუდმივი წევრებიდან - საფრანგეთმა და ბრიტანეთმა. რუსეთმა აშშ-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა მას შემდეგ, რაც მასში შესწორებების შეტანა ვერ მოახერხა, თუმცა ასევე დაბლოკა ევროპელი წევრების შესწორებები უკრაინის მიმართ მხარდამჭერი ლექსიკის გამოყენებაზე.
გაეროში რუსეთის ელჩის, ბასილი ნებენზიას თქმით, აშშ-ს პოზიციაში კონფლიქტის შესახებ "კონსტრუქციული ცვლილებები" იკვეთება. მან უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ აშშ-ს რეზოლუცია "იდეალური არ იყო", თუმცა იყო "საწყისი ეტაპი სამომავლო ძალისხმევებისა მიმართული [კონფლიქტის] მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ".
"ეს რეზოლუცია გვაყენებს მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის პირველი ნაბიჯი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი - ერთ-ერთი იმ [ნაბიჯებთაგან], რომლითაც ჩვენ ყველა უნდა ვამაყობდეთ. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რათა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი უკრაინისთვის, რუსეთისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის". - თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა დოროთი შეამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
აშშ-ს მოკლე, 3-პარაგრაფიანი რეზოლუცია, Reuters-ის ინფორმაციით, მწუხარებას გამოთქვამს "რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის" განმავლობაში დაღუპული ადამიანების შესახებ და იმეორებს, რომ "გაეროს თავდაპირველი მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტაა".
რეზოლუცია ასევე "მოითხოვს კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულებას" და" და გამოდის მოწოდებით უკრაინასა და რუსეთში "მდგრადი მშვიდობის" დამყარებისკენ.
თავდაპირველად რუსეთმა რეზოლუციისთვის ერთი შესწორება წარადგინა. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა "კონფლიქტის დაუყოვნებლის დასრულების მოთხოვნის" ნაწილს დაუმატა: "მათ შორის, მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გზით" ნაწილი.
- აშშ-მ უკრაინის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც რუსული ჯარის გასვლას მოითხოვს
-
აშშ 24 თებერვალს გაეროში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საკუთარ რეზოლუციას წარადგენს
ვინაიდან რუსეთი გაეროს 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლება გააჩნია, ის 2022 წელს ომის დაწყებიდან ყოველთვის ბლოკავდა ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საბჭოს ომთან დაკავშირებით რაიმე მოქმედების საშუალებას მისცემდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება, წესდების მიხედვით, სავალდებულოა, თუმცა არა გაეროს გენერალური ასამბლეის. მიუხედავად ამისა, გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციებს პოლიტიკური წონა აქვთ და ომის შესახებ გლობალურ შეხედულებას ასახავენ.





