უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ევროპული მხარდაჭერით უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დაუყოვნებლივ ჯარების გაყვანას მოითხოვს. აშშ-მ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა აშშ-ის მიერ წარდგენილ რუსეთისადმი არაკრიტიკულ რეზოლუციაზე, რომელიც მხოლოდ ომის დასრულების მოწოდებას შეიცავდა და არ ახსენებდა მოსკოვის აგრესიას. ამ რეზოლუციაში ევროპის ქვეყნებმა და უკრაინამ შესწორებები შეიტანეს, რის შემდეგაც აშშ-მ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ევროპის ქვეყნებისა და უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია მიუთითებს „რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრაზე“ და მოითხოვს, რომ რუსეთმა „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო ძალა უკრაინის ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 65-მა თავი შეიკავა, ხოლო 18-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. რეზოლუციის წინააღმდეგთა შორის იყვნენ აშშ, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ისრაელი და სუდანი. საქართველომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.
საპირისპიროდ, აშშ-ის თავდაპირველი რეზოლუცია მხოლოდ აბზაციანი იყო და მოიცავდა: მწუხარებას „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“ დაღუპული ადამიანების გამო, გაეროს მთავარ მისიაზე მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე ხაზის გასმას და ომის სწრაფად დასრულებისა და მდგრადიმშვიდობის მიღწევის მოწოდებას.
ევროპულმა ქვეყნებმა და უკრაინამ გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის რეზოლუციის ტექსტში რამდენიმე ცვლილება დააინიცირეს და დაამატეს უკრაინაშირუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ მინიშნებები, ასევე აუცილებლობა „სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის“ დამყარებისა, გაეროს ქარტიის პრინციპების შესაბამისად. ამავდროულად, შესწორებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რედაქტირებულ აშშ-ის რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო: 93 „მომხრე“, 8 „წინააღმდეგი“, ხოლო 73-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. უკრაინამ რეზოლუციასმხარი დაუჭირა, აშშ-მ თავი შეიკავა, ხოლო რუსეთმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. საქართველომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კენჭისყრამდე, გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი, დოროთი შეა მოუწოდებდა „ყველა წევრ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს“, მხარი დაეჭირათ მათი თავდაპირველი რეზოლუციისთვის.
„გენერალურმა ასამბლეამ უნდა გააკეთოს მარტივი, ისტორიული განცხადება, რომელიც წინ იყურება და არა უკან. რეზოლუცია ფოკუსირებულია ერთ მთავარ იდეაზე - ომის დასრულებაზე. მშვიდობის გზა შესაძლებელია“ - თქვა აშშ-ს წარმომადგენელმა.
ხმის მიცემის შემდეგ, რუსეთში გაეროს ელჩმა, ვასილი ნებენზიამ აღნიშნა: „დღეს ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა საკუთარი თვალით იხილეს, რომ უკრაინაში მშვიდობის გზა ადვილი არ იქნება და ბევრი ეცდება, რომ რაც შეიძლება დიდხანს არ მოხდეს მისი მიღწევა. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაჩეროს“.
22 თებერვალს, Washington Post-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას რუსეთის მიერ დაწყებული ომის 3 წლისთავზე, 24 თებერვალს, გაეროში წარსადგენი ყოველწლიური რეზოლუციის გაწვევა მოსთხოვა, მის ნაცვლად კი თავისი ვერსიის წარდგენა სურს.
WP-მა თანამდებობის პირზე დაყრდნობით დაწე, რომ აშშ-ს რეზოლუცია უკრაინელებისთვის "შოკისმომგვრელი" იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ არ გაეწვია არსებული რეზოლუცია, რომელიც რუსულ აგრესიას გმობს.
Washington Post-ის თანახმად, უკრაინაში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუცია რუსეთის პასუხისმგებლობის გამოხატულების შეზღუდვას ცდილობს.
WP-სთან საუბრისას თანამდებობის პირმა თქვა, რომ ვაშინგტონმა წარდგენილ რეზოლუციას გადახედა და "გარკვეული ცვლილებები მოითხოვა, რათა ის დაესუსტებინა", მათ შორის დოკუმენტში "პრორუსული" ენის შეტანა მოითხოვა. წყაროს თქმით, შემდგომ ვაშინგტონმა თავისი რეზოლუცია წარადგინა და კიევს თავისი ვერსიის გაწვევა მოსთხოვა.
"მათი რეზოლუცია ძალიან მოკლეა და სრულიად ახალი ენითაა შედგენილი. სხვა ქვეყნების მრავალი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უფრო მეტად პუტინის დაშოშმინებისკენ მოწოდებას ჰგავს, ვიდრე მშვიდობისკენ მოწოდებას". - თქვა წყარომ.
გარდა ამისა, როგორც წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯი მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ, "გაეროში ყველა შესაძლო პროცედურას თავი აარიდონ", უკრაინისგან ტექსტის ნებაყოფლობით გაწვევას მოითხოვენ, რათა სხვა ქვეყნებს აშშ-ს ტექსტის მხარდაჭერისკენ უბიძგონ.
"შესაძლო ცუდი რაღაცების მრავალ ნიშანს ვხედავთ, მაგრამ შოკისმომგვრელია, რომ ზეწოლას [უკრაინაზე] ცდილობენ და არა რუსებზე". - თქვა თანამდებობის პირმა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ აშშ-მ "გაეროში წარადგინა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომლის მხარდაჭერისკენაც ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რათა მშვიდობის გზა გავკაფოთ".
"ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, ვადასტურებთ, რომ კონფლიქტი საშინელია, რომ გაეროს მისი დასრულებისთვის დახმარება შეუძლია და რომ მშვიდობა შესაძლებელია". - წერია განცხადებაში.





