აშშ-მ რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავის შესახებ გაეროში წარსადგენი საკუთარი რეზოლუცია შეიმუშავა. ვაშინგტონის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება კიევისა და ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევას, მიიღონ თავიანთი რეზოლუციის ტექსტი 24 თებერვალს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე.
აშშ-ს მოკლე, 3-პარაგრაფიანი რეზოლუცია, Reuters-ის ინფორმაციით, მწუხარებას გამოთქვამს "რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის" განმავლობაში დაღუპული ადამიანების შესახებ და იმეორებს, რომ "გაეროს თავდაპირველი მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტაა".
რეზოლუცია ასევე "მოითხოვს კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულებას" და" და გამოდის მოწოდებით უკრაინასა და რუსეთში "მდგრადი მშვიდობის" დამყარებისკენ.
რუსეთმა რეზოლუციისთვის ერთი შესწორება წარადგინა. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა "კონფლიქტის დაუყოვნებლის დასრულების მოთხოვნის" ნაწილს დაუმატა: "მათ შორის, მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გზით" ნაწილი.
გაეროში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია აშშ-ს რეზოლუციას გაეცნო და მას "კარგი ნაბიჯი" უწოდა. რუსეთის ერთ-ერთმა ანონიმურმა დიპლომატმა Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ თუ გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის შესწორებას დაამტკიცებს, მოსკოვი აშშ-ს რეზოლუციის მიღების სასარგებლოდ მისცემს ხმას.
ორშაბათს დაგეგმილი გენერალური ასამბლეა განიხილავს უკრაინისა და ევროკავშირის მიერ მომზადებულ რეზოლუციასაც, რომელიც დეესკალაციისკენ, მტრული ქმედებების ადრეული შეჩერებისა და გაეროს თავდაპირველი ჩარტერისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მშვიდობიანი რეზოლუციისკენ მოწოდებით გამოდის.
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინისა და ევროკავშირის რეზოლუცია "იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების გადაუდებელ აუცილებლობას, რათა შემცირდეს შემდგომი ესკალაციის რისკები და მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში".
ამასთან, უკრაინისა და ევროკავშირის ტექსტი, როგორც გაეროს წინა რეზოლუციები, მოითხოვს, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები დატოვონ, ხოლო მოსკოვმა მტრული მოქმედებები შეაჩეროს.





