გიორგი ოკრიბელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3 500 ლარით დააჯარიმა.
პუბლიკის ცნობით, ოკრიბელაშვილი შსს-მ 10 თებერვალს დააკავა. შსს-ს მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, მან რუსთაველზე სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ადვოკატის და ოკრიბელაშვილის ცოლის, შორენა ხომერიკის განცხადებით, გიორგი ოკრიბელაშვილს პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და პოლიციელებმა ის უმიზეზოდ, მოულოდნელად დააკავეს.
ცნობისთვის, გიორგი ოკრიბელაშვილის შვილი, ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის აქციებზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებულთაგან ერთ-ერთია.
რუსული კანონის აქციებზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმება 20 იანვარს შედგა. მხარეები 18-თვიან პატიმრობაზე შეთანხმდნენ, გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია გუდაძემ გამოაცხადა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.
14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.
მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს, მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.