ივანიშვილის რეჟიმის პოლიციამ დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
დღეს მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები, მზია ამაღლობელისა და რეჟიმის სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტის სხდომის პარალელურად აქციას მართავდნენ.
აქციაზე რეჟიმის სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა, სადაც რამდენიმე მათგანს თავს დაესხა და 2 პირი დააკავა.
აქციაზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე. დაშავდნენ პუბლიკის ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი, ასევე News.on.ge-ს მთავარი რედაქტორი, ვანცენტ ხაბეიშვილი.
"9 აპრილის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის გვერდით შესასვლელთან რომ ვიყავით, პოლიციამ მოგვიწოდა, ტროტუარებისკენ გადადითო. მათ ყველა ემორჩილებოდა, მათ შორის მეც და დინებას მივყევი. მაგრამ, შემდეგ უცებ ჩოჩქოლი ატყდა, გვაწვებოდნენ და ჭყლეტა შეიქმნა. ამ ჭყლეტაში დავინახე, რომ წინ ადამიანებს ურტყამდნენ, ვიღაც დააკავეს კიდეც, ზოგს ოპერატორების დიდი კამერები ხვდებოდა თავში და გადავწყვიტე, ეს ყველაფერი გადამეღო.
მაგრამ, მერე პოლიცია ჩვენკენ ისეთი დინებით წამოვიდა, მე გადავწყვიტე, რომ ღობესთან, შემაღლებულ ადგილზე ავსულიყავი, რათა გადამეღო უკან რამდენი იყვნენ და თან სრული სურათი დამენახა. ამ დროს, ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ზემოდან ჩამომიღო, თმაში მწვდა, ყურიანად - მე კი ჩავებღაუჭე და ვუთხარი, რატომ მირტყამ-მეთქი. მე არ დამირტყია, არ გირტყამო და ხელი მკრა და კიდევ უფრო უკან გამისროლა". - თქვა ნათია ლევერაშვილმა.
როგორც NEWS.On.ge წერს, ვანცენტ ხაბეიშვილი გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაშია გადაყვანილი
"პოლიცია NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს თავს დაესხა - მოვალეობის შესრულების დროს მას თავში ძლიერად ჩაარტყეს და ძირს დააგდეს.
პარლამენტთან მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დილიდან იყვნენ შეკრებილები. მათ სურდათ, პარლამენტის შენობისთვის მსვლელობით წრე შემოევლოთ, რა დროსაც მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა.
ვანცენტ ხაბეიშვილი გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება." - წერს გამოცემა.





