რუსული რეჟიმი

პენიტენციური სამსახური: კაცია უზრუნველყოფილია საკვებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა

ნიკა კაცია

სპეციალური პენიტენციური სამსახური დაკავებულ ჟურნალისტთან, ნიკა კაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. 

გუშინ, მთავარი არხის ეთერში ასევე დაკავებული საბა სხვიტარიძის დედამ, ლელა ახობაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე, ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს".

როგორც ტაბულას ომბუდსმენის აპარატში უთხრეს, კაციას პრობლემები შეექმნა ერთ კონკრეტულ საკვებზე, რომელიც მას რამდენჯერმე არ დახვდა. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ და შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, კაცია სრულადაა საკვებითა და ჰიგიენური ნორმებით უზრუნველყოფილი და მისი უფლებების ყელყოფაზე საუბარი სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.

მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან." - წერია განცხადებაში.

ჟურნალისტი ნიკა კაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა 23 იანვარს პატიმრობაში დატოვა. რეჟიმი მას ნარკოდანაშაულს ედავება. კაცია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჟურნალისტს მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო, ნარკოტიკი ჩაუდეს.

კომენტარები