ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მომიტინგეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები - NGO-ები

სპეცრაზმი არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 30 ნოემბერი, 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარ მიგნებებს აქვეყნებს

საიას განცხადებით, საპოლიციო ძალების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობა მიმართული იყო მომიტინგეების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. 

ორგანიზაციის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები ამ მოვლენების შესახებ არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის სტამბოლის პროტოკოლს და საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სამართალდამცველთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები:

II. მიმოხილული მტკიცებულებები

მიმოხილული მტკიცებულებები მოიცავს:

· ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებს, რომლებიც ასახავს 99 პირის, მათ შორის 45 ჟურნალისტის, დაკავებას, ძალადობას და ფიზიკურ დაზიანებებს;

· უშუალოდ მსხვერპლებთან, მოწმეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს;

· საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის 11 მსხვერპლის დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო შეფასებას, მათ შორის არსებული სამედიცინო ჩანაწერებისა და მათი დაზიანებების სხვა ფოტომტკიცებულებების განხილვას.

III. წინასწარი მიგნებები ინტერვიუებიდან

ინტერვიუებში მონაწილე მსხვერპლები, მოწმეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ დემონსტრაციების აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს.

თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, პროტესტებს ძალადობრივად არბევდნენ წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზისა და ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული წყლის ჭავლების გამოყენებით. ამ იარაღების გამოყენებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. დაზარალებულები აღწერდნენ, რომ ცრემლმდენი გაზი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმძლავრით და იწვევდა ძლიერ გაღიზიანებას ღია სივრცეშიც კი, რასაც თან ახლდა დეზორიენტაცია, თავის ტკივილი და სხვა ფიზიკური დისკომფორტი. წყლის ჭავლის გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან თბილისის დაბალი ტემპერატურა (-1°C-დან +8°C-მდე) ამძიმებდა მსხვერპლთა მდგომარეობას, რომელსაც ემატებოდა წყალში გარეული ქიმიური გამღიზიანებლები. ამასთანავე, მიუხედავად დემონსტრანტების დაშლისკენ მოწოდებებისა, რამდენიმე დაზარალებულმა განაცხადა, რომ პოლიციამ არ უზრუნველყო არც ერთი ღია და უსაფრთხო გასასვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად ესხმოდნენ თავს დემონსტრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ გამოყოფილი დერეფნების გავლით ტერიტორიის დატოვებას, ან მათ ალყაში აქცევდნენ და ამ გზით აბრკოლებდნენ.

ჩვენებებში დამატებით გამოიკვეთა, რომ პოლიციამ ცალკეული დემონსტრანტები გამოყო მასისგან და მათზე ფიზიკურად იძალადა - ცემდა და ურტყამდა წიხლებს - მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ავლენდნენ ძალადობას და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს. აღნიშნული ინციდენტები, სავარაუდოდ, მოხდა რუსთაველის გამზირზე (თბილისი, საქართველო) და მის მიმდებარე ქუჩებზე, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებში (მიკროავტობუსებსა და მანქანებში) და უშუალოდ ტრანსპორტირების დროს. ადრეული ჩვენებები მიუთითებდა სახეში, თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წიხლების რტყმას, ხოლო მოგვიანებით აღინიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მხოლოდ სხეულზე დაიწყეს მიზანმიმართული დარტყმები - რაც დაზიანებებს ნაკლებად შესამჩნევს ხდიდა.

მსხვერპლებმა ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმებს ხშირად თან ახლდა შეურაცხყოფა, მუქარები (მათ შორის სექსუალური ძალადობის შესახებ) და დამცინავი თუ დამამცირებელი კომენტარები. რესპონდენტებმა, ასევე, აღნიშნეს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაკავების შემთხვევები, მათ შორის იმ ჟურნალისტების, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი, პრესის აღმნიშვნელი საიდენთიფიკაციო ნიშანი. მათ თავს დაესხნენ და დააკავეს როგორც დემონსტრაციის ადგილზე, ისე ახლომდებარე ქუჩებზე.

მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების პროცესში დემონსტრანტების თვითნებური დაკავებები ფართოდ იყო გავრცელებული - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების იურიდიული დახმარების ქსელის ინფორმაციით, 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს, რომელთაგანაც ბევრი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობები მიუთითებს, რომ დაკავებულებს ხშირად არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეცნობებინათ თავიანთი ადგილმსაყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისთვის. დაკავებულთა ადგილმსაყოფელის შესახებ კითხვებზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებდნენ, რომ არ იციან ამის შესახებ, რის შედეგადაც ოჯახები საათობით ვერ იღებდნენ ინფორმაციას დაკავებული დემონსტრანტების შესახებ.

დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ გათავისუფლების შემდეგ მათ სთხოვდნენ ხელი მოეწერათ განცხადებებისთვის, რომლებშიც დაფიქსირებული იყო ცრუ ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ, მათ შორის არასწორი ცნობები იმ პოლიციელებზე, რომლებიც დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ, და გაყალბებული ბრალდებები. აღნიშნული ბრალდებები ვრცელდება სასამართლო პროცესებზეც, სადაც მსხვერპლები მიუთითებენ, რომ პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში ჩვენებას იძლეოდნენ, დაკავების დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მსხვერპლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ამცირებდა ცრუ ჩვენებების სისწორეს, მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ.

მიუხედავად აღნიშნული ინციდენტების ფართო გავრცელებისა, საჯაროდ არ არის გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის ან დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საჯარო პირებმა, ასევე, თავი შეიკავეს საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის დაგმობისგან. დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა იმ ფაქტით, რომ ბევრი მსხვერპლი ვერ ახერხებდა თავდამსხმელთა იდენტიფიცირებას, რადგან პოლიციელთა უნიფორმები, როგორც წესი, შავი ფერის და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე იყო, ხოლო თავდამსხმელთა სახეები ნიღბებით იყო დაფარული. გარდა ამისა, ზოგიერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ სამართლებრივი სისტემის მიმართ უნდობლობის გამო უჭირდათ საჩივრების შეტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებები მიუთითებს, რომ ბოლო დღეებში პროტესტის ჩახშობა ნაკლებად ღიად ძალადობრივია, დემონსტრანტების, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების შევიწროების შემთხვევები კვლავ გრძელდება პროტესტის გარეთ. გამოიკვეთა რამდენიმე ბრალდება, როდესაც ცალკეულ პირებს სტუმრობდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები, ასევე, დაფიქსირდა ფიზიკური თავდასხმები ორგანიზებული ჯგუფებისგან, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც „ტიტუშკები“, და რომლებიც, როგორც ჩანს, ემსახურებიან შიშის დათესვასა და განსხვავებული აზრის გამოხატვის აღკვეთას.

ამ ინციდენტებს, რიგ შემთხვევებში, სამართალდამცავი უწყებები სრული უმოქმედობით ხვდებოდნენ, რაც არა თუ ხელს უშლიდა, არამედ ახალისებდა თავდამსხმელებს და ზრდიდა ძალადობის მასშტაბებს.

ჩვენებების თანმიმდევრულობა, ამგვარი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი სამი კვირის განმავლობაში და წამებისა და არასათანადო მოპყრობის აქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე. ეს პოლიტიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს შიშის, დაშინებისა და შურისძიების ატმოსფეროს შექმნას იმ პირების მიმართ, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებიან მთავრობის პოლიტიკას.

ამჟამინდელი რეპრესიები მიმდინარეობს საქართველოში სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის გრძელვადიანი პროცესის ფონზე, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, უფლებადამცველთა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის კამპანიებითა და თავდასხმებით.

IV. წინასწარი მიგნებები სასამართლო-სამედიცინო შეფასებებიდან

სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს მსხვერპლთა ტრავმების შემაშფოთებელმოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. ზოგიერთი შემთხვევა მიუთითებს შესაძლო ნევროლოგიური დაზიანებების არსებობაზე, ასევე, ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ეხება პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების თავდასხმების დოკუმენტირებას დემონსტრანტებზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 2020 წელს ბელარუსში, თავისა და სახის მძიმე ტრავმების მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელი შემაშფოთებლად მაღალია. ეს მიუთითებს ფართოდ გავრცელებულ, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია ფიზიკური ძალის კონცენტრირება თავის არეში. მრავალი პირი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ პოლიციამ სახეში დაარტყა ე.წ. „მყარი გარსის ხელთათმანებით“, რაც ზრდის დარტყმის ძალას და იწვევს დაზიანებებს, რომლებიც შესაბამისია დაფიქსირებულ ტრავმებთან.

რამდენიმე დაზარალებულმა, ასევე, აღნიშნა ნეკნებისა და ხერხემლის დაზიანებები, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს თავდასხმების სიმძიმეს. გამოძიებისას, ბევრ პირს ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სიწითლეები ქვედა კიდურებზე, განსაკუთრებით ბარძაყების უკანა მხარეს, რაც შეესაბამება ჩვენებებს, რომ მათ იატაკზე ან პირაღმა წოლისას აბიჯებდნენ ფეხებს და სცემდნენ.

ბევრ შემთხვევაში, დაზიანებების მოდელი მაღალი თანმიმდევრობით ადასტურებს მსხვერპლთა განცხადებებს, რომ მათ ჯერ ბოჭავდნენ, შემდეგ ურტყამდნენ და ფეხით დგებოდნენ მათზე, ხშირად ეს ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებაში, რაც უზრუნველყოფდა მათი მოქმედების საიდუმლოებას, სრულ კონტროლსა და დროს.

დაზიანებების მოდელი, რომლებიც დაფიქსირდა, არ ადასტურებს ორი მხარის ფიზიკური კონფლიქტის, მაგალითად, ჩვეულებრივი ჩხუბის ან შეტაკების ვარაუდს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

საერთო ჯამში, სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები, მათ შორის დაზიანებების მოდელი მიუთითებს სისტემატურად წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე დემონსტრანტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, რომელიც ხშირად მას შემდეგ ხდებოდა, როდესაც ისინი პოლიციის ფიზიკურ კონტროლს ექვემდებარებოდნენ.

V. რეკომენდაციები

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის გაეროს წამების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს:

  • მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ დემონსტრანტების, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა;
  • მოუწოდონ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, დაიცვან შეკრების თავისუფლება და პროტესტების კონტექსტში წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვა, უზრუნველყონ პოლიციის ყველა თანამშრომლისთვის ხილვადი მაიდენტიფიცირებელი ნიშნების ტარება ანგარიშვალდებულების გასაადვილებლად, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შემთხვევების დროული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, დაზარალებულთათვის ზიანის ყოვლისმომცველი ანაზღაურება, მათ შორის სამედიცინო მკურნალობის, ფსიქოსოციალური მხარაჭერისა და ფინანსური კომპენსაციის უზრუნველყოფა და უკანონოდ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება;
  • მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს ამომწურავი ინფორმაცია საპროტესტო აქციებზე რეაგირებისთვის მობილიზებული დანაყოფებისა და ბატალიონების შესახებ, ასევე, გამოყენებული იარაღისა და ინსტრუმენტების შესახებ;
  • მიიღონ სასწრაფო ზომები დემონსტრანტების დასაცავად, მიაქციონ სიტუაციას ყურადღება რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ფარგლებში, მათ შორის, მოუწოდონ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს (OHCHR) და ადამიანის უფლებათა საბჭოს, დააკვირდნენ სიტუაციას და ხელი შეუწყონ დამნაშავეების და ადამიანის უფლებათა დარღვევების ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხს, მათ შორის გამოძიების მექანიზმების, მაგალითად, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გამოყენებით;
  • უზრუნველყონ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და დაგმონ მათ მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ზეწოლის მცდელობა.

13 დეკემბერს, ამ უფლებადარღვევათა გამოძიების წარუმატებლობის ფონზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრმა (GCRT), ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საჯაროდ დაიწყეს საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის დროს მიღებული დაზიანებებისა და მტკიცებულებების შეგროვებისა და დოკუმენტირების პროცესი. დოკუმენტაციის მეთოდოლოგია შემუშავებული და განხორციელებულია წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო ორგანიზაციების, „ერთად წამების წინააღმდეგ“ კონსორციუმის (UATC) მხარდაჭერით.

2024 წლის 10-24 დეკემბერს, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფსა (IFEG) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციასთან (OMCT) ერთად, თბილისში განახორციელა ერთობლივი მისია GYLA-ს, GCRT-ის, HRC-ისა და სხვა ქართული ორგანიზაციების მხარდასაჭერად. ამ მისიაში კვლევითი დახმარება გაუწია Omega Research Foundation-მა.


საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".

რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 და 30 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმმა მომიტინგეები ისევ დაარბია. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. 

კომენტარები