ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ანალიზი ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევაზე მიუთითებს – Amnesty International-ის ანგარიში

ტაბულა/BeFunky Collage

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International საქართველოში მიმდინარე აქციებზე პოლიციისა და არაფორმალური ჯგუფების მხრიდან ხელისუფლების ნებართვით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ორგანიზაციის ანგარიშში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის, ძალადობის, წამების, სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა შემთხვევები არის აღწერილი. Amnesty International ასკვნის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები სისტემურ ხასიათს ატარებს.

Amnesty International-ის ანგარიში პოლიციის მხრიდან არასაჭირო და გადაჭარბებული ძალის გამოყენების, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის, ჟურნალისტების მიზანში ამოღების, თვითნებური დაკავებებისა და დაკავების შემდეგ წამებისა და სხვაგვარი სასტიკი მოპყრობის, დაკავების შემდეგ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის, სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან ფართოდ გავრცელებული შევიწროებისა და დაშინების შემთხვევებს განიხილავს და ასევე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის პრობლემას ეხება. 

დოკუმენტი დაზარალებული მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ჩვენებებს, ფოტო და ვიდეომასალას, უფლებადამცველებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და ანგარიშების ანალიზს ეყრდნობა.

ანგარიშში წარმოდგენილია დაზარალებულების, მარიამ ნიკურაძის, ზვიად მაისაშვილის, გელა მეგრელიძის, დავით ცაგარელის, დავით აბულაძის, ლაზარე მაღლაკელიძის, გიორგი ჩუტკერაშვილის, გია ჯვარშეიშვილის, ნათია ძიძიგურის, ავთანდილ ტიტვინიძის, ზვიად რატიანის, მაკა ჩიხლაძისა და მინდია გაბაძის ჩვენებები. 

"ეს ანგარიში აღწერს ადამიანის უფლებათა დარღვევებს შემთხვევების კვლევისა და ანალიზის მეშვეობით, დაშავებული მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ჩვენების, ანგარიშებისა და საქართველოს ადამიანის უფლებადამცველებთან ინტერვიუების ანალიზისა და აქციების ვიდეო და ფოტომასალების საფუძველზე. ანალიზი ადამიანის უფლებების დარღვევაზე სისტემურ, სახელმწიფოს მიერ ნებადართულ მიუთითებს, რაც პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად და ყოველ ეტაპზე უსამართლობის ციკლთან არის შეერთებული". - წერია ანგარიშში. 

უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ პოლიცია აქციის მონაწილეების დევნას დემონსტრაციების მიღმაც აგრძელებდა და მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკებსა და დაკავებებს ატარებდა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვიდეომასალაში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი ცემა არის აღბეჭდილი. 

"29 ნოემბრიდან დედაქალაქში მასობრივი აქციები დაიწყო, რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის წინ და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე აპროტესტებდა; ქვეყნის გარშემო სხვა აქციებიც დაიწყო. პოლიციამ საპასუხოდ წლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რასაც ესკალაცია მოჰყვა. წარმოქმნილ ძალადობისა და დაპირისპირებების შედეგად მრავალი ადამიანი დაშავდა, ვიდეომასალაში კი მშვიდობიანი მომიტინგეებისა და აქციების გადამღები ჟურნალისტების სასტიკი ცემა არის აღბეჭდილი. პოლიცია აქციის მონაწილეებს დემონსტრაციების გარეთაც დევნიდა, მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკებსა და დაკავებებს ატარებდა. ამ დროისთვის 460-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის, 430-ის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე, 30-ის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული". - წერია ანგარიშში. 

Amnesty International ომბუდსმენსა და ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციის დარბევის დაწყების დროს, აქცია, უმეტეს შემთხვევაში, მშვიდობიანი იყო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მომიტინგეების მხრიდან ფეიერვერკებისა და წყლის ბოთლების სროლის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც ძირითადად პოლიციის მხრიდან ძალის უკანონო გამოყენებას მოსდევდა, პოლიციამ დამატებითი გადაჭარბებული ძალის, დაკავებებისა და წამების საბაბად გამოიყენა. 

"საქართველოს ომბუდსმენისა და აქციების დამკვირვებელი ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფების მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრაციები მათი დაშლის დროს მშვიდობიანი იყო. მართალია, თავდაპირველად იყო გაფანტული შემთხვევები, როდსაც ზოგიერთი მომიტინგე ფეიერვერკებსა და წყლის ბოთლებს ისროდა, თუმცა ისინი ძირითადად პოლიციის მხრიდან ძალის უკანონო და გადაჭარბებულ გამოყენებას პასუხობდა. ამასთან, პოლიციამ ეს იზოლირებული შემთხვევები დამატებითი გადაჭარბებული ძალის, დაკავებების, წამებისა და დემონსტრანტების მიმართ სხვა მხრივ სასტიკად მოპყრობის საბაბად გამოიყენა". - წერია ანგარიშში. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დაკავებულთა უმრავლესობა სპეცდანიშნულების ძალების მხრიდან უმეტესად წამებისა და ასევე სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ორგანიზაცია წერს, რომ 80-ზე მეტი ადამიანს მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არის მოთავსებული და აღნიშნავს, რომ ძალადობის მასშტაბის მიხედვით, საპოლიციო ძალები "დაუსჯელობით არიან გათამამებულები". 

"ცნობები მიუთითებს, რომ 300-ზე მეტი აქციის მონაწილე, ესე იგი დაკავებულთა უმრავლესობა, სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ძალების მხრიდან წამებისა და სხვა ფორმის სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, აქედან მრავალი შემთხვევა კი წამებად ითვლება.

ცნობებით, 80-ზე მეტი ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული მძიმე დაზიანებებით, მათ შორის სახის ძვლებისა და სხვა ძვლების მოტეხილობებით და თავის დაზიანებებით, მათ შორის ტვინის შერყევებით. პოლიციის მხრიდან უკანონო ძალის გამოყენებისა და წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის მასშტაბი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მთავრობის მხრიდან ნებადართული დირექტივებით მოქმედებენ და დაუსჯელობით არიან გათამამებულები". - წერია ანგარიშში. 

Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, "როგორც ჩანს, პოლიცია და მთლიანი სისხლის სამართლის სისტემა აქციის მონაწილეების დაშინების, შევიწროებისა და ჩახშობის" საშუალებად გამოიყენება. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტიტუციურ რეპრესიაზე მიუთითებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ტერორს სახელმწიფოს ნაცვლად უცნობი შენიღბული ჯგუფები პოლიციის ნებართვით აწყობენ. 

"სასამართლოები ძირითადად უგულებელყოფენ წამებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევის მზარდ მტკიცებულებებს. ჯარიმა დაეკისრა და ადმინისტრაციული წესით პატიმრობა მიესაჯა 160-ზე მეტ ადამიანს. როგორც ჩანს, პოლიცია და მთლიანი სისხლის სამართლის სისტემა აქციის მონაწილეების დაშინების, შევიწროებისა და ჩახშობისა და მათი მშვიდობიანი წინააღმდეგობის დადუმების საშუალებად გამოიყენება, რაც ინსტიტუტის დონეზე აყვანილ რეპრესიაზე მიუთითებს.

უფლებადამცველი ჯგუფების მიერ აღწერილი "საპოლიციო ტერორი" ბოლო დროს გამწვავდა და ქუჩის ტერორი გადაბარებულია უცნობი შენიღბული პირების ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიციის ნებართვით ემუქრებიან და ძალადობენ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე". - წერია ანგარიშში. 

ანგარიშში Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

დაასრულოს ძალადობა: დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციისა და პოლიციის თანამონაწილეობით მოქმედი უცნობი ჯგუფების მხრიდან ძალადობა.

დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს მათი პატივისცემა: ქვეყანაში ყველას ადამიანის უფლებები, მათ შორის, გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებები, დაიცვას და მათი პატივისცემა უზრუნველყოს.

გამოიკვლიოს ძალის უკანონო გამოყენება: ჩაატაროს უკანონო ძალის, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების ბოროტად გამოყენების დროული, ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება.

გამოიკვლიოს წამება და სხვა სახის სასტიკი მოპყრობა: ჩაატაროს წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობების შესახებ ბრალდებების დროული, ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და უზრუნველყოს წვდომა სამართალსა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე, მათ შორის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისთვის რეპარაციებზე.

უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება: ისინი, ვის პასუხისმგებლობაზეც ეჭვი არსებობს, მათ შორის, ყველანი სრულ დაქვემდებარების რიგში, სამართლიან სასამართლოზე პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

დაასრულოს დაუსჯელობა: უზრუნველყოს, რომ პოლიციელები ხილვად და ცხადად ნაჩვენებ პირად მაიდენტიფიცირებელ რიცხვებს ატარებენ.

უზრუნველყოს თანხვედრა: უზრუნველყოს, რომ პოლიცია ძალის გამოყენებაზე საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაშია და ყოვლისმომცველად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დარღვევები და ბრალდებულები პასუხისგებაში მისცეს.

გაათავისუფლოს მშვიდობიანი მომიტინგეები: დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მხოლოდ მათი ადამიანის უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს

სამართლიანი სასამართლოები: უზრუნველყოს, რომ მათ, ვისაც ბრალად ედებათ საერთაშორისოდ აღიარებული დანაშაულები, სამართლიან სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვები ექნებათ.

გამჭვირვალობა: საჯაროდ ჩაშალოს ყველა სარჩელი, რომელიც აქციების დროს ძალის არასაჭირო და გადაჭარბებულ გამოყენებას ეხება, რათა ანგარიშვალდებულება და  დაზარებულთათვის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები უზრუნველყოს.

დაიცვას და თანხვედრაში მოვიდეს საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან: როგორებიცაა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დებულებები, რომლებიც გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს უზრუნველყოფს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19 და 21-ე მუხლები, რომლებიც  იცავს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, მათ შორის ჟურნალისტების უფლებას, პროტესტები გააშუქოს. საქართველო ორივე ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოა.

გარდა ამისა, Amnesty International საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირსა და გაეროს, მოუწოდებს:

ძალის გადაჭარბებული გამოყენება საჯაროდ დაგმოს: საჯაროდ, თანმიმდევრულად და მტკიცედ განუდგეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი აქციების დასარბევად და გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებისთვის ძირის გამოსათხრელად არასაჭირო და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდოს, აქციების დასარბევად გადაჭარბებული ძალის გამოყენების, წამებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ სხვა სასტიკი მოპყრობის ყველა ბრალდება დროულად, ყოვლისმომცველად, დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოიძიოს და ბრალდებულები სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარადგინოს, ასევე უზრუნველყოს, რომ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს სამართალსა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე წვდომა აქვთ. 

საქართველოს ხელისუფლებისგან დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება მოითხოვოს: მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მხოლოდ მათი ადამიანის უფლებების მშვიდობიანი გამოყენებისთვის არიან დაკავებულები, მათ შორის ისინი, ვინც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე აქციებში ან მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამოცხადების შემდეგ აქციებში მონაწილეობდნენ.

მოითხოვოს გაეროს ვიზიტები: მოითხოვოს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ასევე წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები, რათა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესაფასებლად ფაქტების დამდგენი მისიები ჩატარდეს.

საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვოს, რომ შევიწროება გამოიძიოს: მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დროულად, ყოვლისმომცველად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოიძიოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინების, მუქარებისა და თავდასხმების ბრალდებები და ბრალდებულები სასამართლოს წინაშე წარადგინოს, ასევე უზრუნველყოს, რომ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს სამართალსა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე წვდომა ჰქონდეთ.

კომენტარები