პრეზიდენტის არჩევნები

"ყაველაშვილის კანდიდატურით ზიანი მიაყენეთ ქვეყანას" - მარშანიამ ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საარჩევნო კოლეგიის წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში ხმის მიცემის პროცედურის დროს განაცხადა, რომ იგი ქართული ოცნების კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, მხარს არ უჭერს. 

მარშანიას თქმით, საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო. მან ქართული ოცნება ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ამით როგორც საკუთარ პოლიტიკურ ძალას, ისე საქართველოს მიაყენა ზიანი. 

"ცუდი კანდიდატურაა, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას. თქვენ, ყველამ ერთად, საქართველოს ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც ზიანი მიაყენეთ, როგორ პოლიტიკურ ძალას. ხმას არ ვაძლევ, შესაბამისი გრაფა არ არის, ამიტომ არაფერს ვხაზავ და ცარიელი ფურცელი უნდა ჩავაგდო". - თქვა ადა მარშანიამ საარჩევნო კოლეგიის წინაშე. 

ცოტა ხანში ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი არაპირდაპირი წესით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ფეხბურთელისა და ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის გამარჯვებას გამოაცხადებს. 

კომენტარები