ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება.
"ინაუგურაცია გაიმართება პარლამენტში, კერძოდ, სხდომათა დარბაზში ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 40 წუთი, დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები" - აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დაამზადეს საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელსაც შემდეგ პარლამენტის მუზეუმში განათავსებენ.
"ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, ვინაიდან ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და როგორც ეს არის საერთო ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკების, ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. ჩვენ ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის გამოყენებული იქნება ზუსტად ეს ეგზემპლარი, ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. დამზადდა მისი თანაბარწონადი 3 ასლი, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და ასევე სახელმწიფო არქივს", - განმარტავს პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს პარლამენტში მედიისთვის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს. პირდაპირ ეთერს კი თვითონ პარლამენტი უზრუნველყოფს.
ივანიშვილის პრეზიდენტად, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა 14 დეკემბერს, აირჩიეს.